საია და მედიის განვითარების ფონდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმების გასაჩივრებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.
მათი განმარტებით, აღნიშნული ნორმები, როგორც ანტიკორუფციული ბიურო და საერთო სასამართლოები იყენებენ, ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, მაშინ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ თავიანთი მანდატის ფარგლებში - ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.
საიასა და MDF-ის განცხადებით, კანონის ეს ფორმულირება მიზნად ისახავს კრიტიკული ორგანიზაციების გაჩუმებას და საჯარო დისკუსიიდან მათი გამორიცხვას. მათი შეფასებით, ასეთი მიდგომა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება) და 22-ე მუხლს (გაერთიანების თავისუფლება).




























