სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია დემონსტრანტ გიორგი მექვაბიშვილის უფლებები, რომელიც 2023 წლის მარტში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დააკავეს და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააჯარიმეს - ინფორმაციას საია ავრცელებს.
ევროპულმა სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და სახელმწიფოს გიორგი მექვაბიშვილისთვის 2 265 ევროს გადახდა დააკისრა.
საიას მიერ გამოქვეყნებული საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 7-8 მარტის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ მას 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა პოლიციის „კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს, ძირითადად დამკავებელი პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით.
სასამართლოს შეფასება:
· 2023 წლის 7-8 მარტის აქციის კონტექსტი - სასამართლო განმარტავს, რომ დემონსტრაცია მთლიანობაში მიზნად არ ისახავდა პარლამენტის საქმიანობის ხელშეშლას და დამატებით განმარტავს, რომ მომჩივანი არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში. Გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ 2023 წლის 7 მარტის დემონსტრაცია ემსახურებოდა საჯარო ინტერესს და მომჩივანი პირის ქმედება ექცევა კონვენციის მე-11 მუხლის ფარგლებში.
· მტკიცების ტვირთის განაწილება - სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი პირდაპირი და ობიექტური მტკიცებულება, გარდა პოლიციის მიერ წარმოდგენილი ჩვენებისა. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის მიერ მოვლენების გადმოცემისას სამხრე კამერებისა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების არარსებობაზე. Სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არღვევს კონვენციის მე-6 (1) მუხლს, რამდენადაც განმცხადებელი პირი ფაქტობრივად იძულებული იყო დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა პოლიციის დაუდასტურებელი ბრალდებების
წინააღმდეგ, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციის განმარტებებისა, რაც ძირეულად აზიანებდა სამართლიანი განხილვის პროცესს.
· კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომლის დაუმორჩილებლობაშიც მას ადანაშაულებდნენ. Სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის ,,კანონიერება” წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შემადგენელ ელემენტს, რომელიც მოცემულ საქმეში დაირღვა, რამდენადაც განმცხადებლისათვის ვერ იქნა დადასტურებული ინდივიდუალურად რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შეაფასეს ადგილზე არსებული ქცევის ზოგად მითითებაზე დაყრდნობით, ისე, რომ არ შეუფასებიათ იყო თუ არა მთლიანი დემონსტრაციის დაშლისა და გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება აუცილებელი.
"აღსანიშნავია, რომ გიორგი მექვაბიშვილის საქმე არ არის იზოლირებული შემთხვევა და საია უკვე წლობით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული ცვლილების საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი, აქციის კონტექსტში თვითნებური დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კიდევ უფრო გაუარესდა, რაც მოიცავს მათ შორის სანქციების გამკაცრებას გამოხატვის/შეკრების თავისუფლების ნაწილში, მტკიცების ტვირთის შებრუნებას და მის დაკისრებას პირზე" - წერს საია.




























