საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციის გამგეობამ საიას ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩია. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საიას სამი წლის განმავლობაში ნონა ქურდოვანიძე ხელმძღვანელობდა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა.
საიას ცნობით, თამარ ონიანი 2023 წლიდან ორგანიზაციის ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორია, ხოლო 2022 წლიდან თავმჯდომარის მოადგილისა და გამგეობის წევრის პოზიციებს იკავებდა. 2025 წლიდან იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. ამასთანავე, თამარ ონიანი მოწვეული ლექტორია რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ორგანიზაციაში მუშაობა თამარ ონიანმა 2018 წელს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე დაიწყო. 2021 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს. ამ პერიოდში თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა და ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებს, რომლებიც ეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
საია მადლობას უხდის ნონა ქურდოვანიძეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პერიოდში, გამოწვევებით სავსე გარემოში გაწეული საქმიანობისა და ღირსეული შრომისთვის.




























