რამდენიმე თვის წინ ქართულ ბაზარზე საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძოდ ბაღებისა და მშობლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი პლატფორმა KidNest-ი გაჩნდა, რომელიც ბაღებისთვის ადმინისტრაციულ საკითხებსაც ამარტივებს. აპლიკაციის შექმნის იდეაზე მისი თანადამფუძნებელი ქეთანა სტურუა BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრობს.
“KidNest ბაღებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაციაა. ჩვენ მათ ვეხმარებით ადმინისტრაციული საკითხების გამარტივებაში და მშობელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში - მშობელი იღებს განახლებას რეალურ დროში, სანამ ბავშვი ბაღში იმყოფება. ასევე დიდი სურვილი გვაქვს, ბაღებს აკრედიტაციის გავლაში შევუწყოთ ხელი და ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა.
ეს იდეა ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა, როცა გვქონდა შემთხვევა გერმანიაში, -10 გრადუსში ბავშვების ძალიან ადრე გაღვიძებისა, იმისთვის რომ წაგვეყვანა ისინი ბაღში, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. იქ ჯერ კიდევ ფოსტით ხდება ინფორმაციის მიღება და წერილი მეორე დღეს მოვიდა ჩვენამდე. თავადაც მაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როცა კომუნიკაცია გვიანდება ან დიდხანს იწელება - შევჯერდით, რომ ბაღებისთვის არ არსებობს პლატფორმა, რომელიც მათ ადამიანურ რესურსს დააზოგინებს. აქედან გამომდინარე გაჩნდა KidNest”, - განმარტავს ქეთანა სტურუა.
თანადამფუძნებლის თქმით, KidNest-ი უკვე თანამშრომლობს თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების რამდენიმე კერძო ბაღთან.
“რამდენიმე ბაღთან ვთანამშრომლობთ. მიმდინარეობდა სატესტო რეჟიმი, რომელიც წარმატებით დაიხურა. მათგან უკუკავშირის მიღების შემდეგ, აპლიკაციაში რაღაცები შევცვალეთ, გავამარტივეთ და ძალიან ბევრი ფუნქცია დავამატეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ მხოლოდ თბილისის ბაღები არ მოიაზრება, კავშირი გვაქვს საქართველოს რეგიონებთანაც. თბილისზე ბევრად მეტად მონდომებულები არიან, მაგალითად, ბათუმში, სადაც მეტი მზადყოფნაა ტექნოლოგიური განვითარებისთვის”, - აღნიშნავს ქეთანა სტურუა.
მისი განმარტებით, პირველ ეტაპზე პლატფორმა კერძო ბაღების საჭიროებებს მოერგება, დაიხვეწება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება უფრო ფართო ბაზრისათვის ხელმისაწვდომი: “ამ ეტაპზე კერძო ბაღებზე ვართ ორიენტირებული, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს საჯარო ბაღებში შესვლის. იქ უფრო რთულია, რადგან კერძო ბაღებში შეგვიშვებენ თუ არა - ინდივიდუალურად წყვეტენ ადამიანები. კერძო ბაღი პირველი სეგმენტია, ვისაც გვინდა კარგად მოვერგოთ და შემდეგ შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი ფართო აუდიტორიას“.
ქეთანა სტურუას თქმით, საქართველო KidNest-ისთვის პირველი ბაზარია, რომელსაც აითვისებს, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებთანაც.