მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საინვესტიციო სააგენტოს აღდგენა ფუჭად დახარჯული საბიუჯეტო რესურსი იქნება - ნიკოლოზ ალავიძე

ნიკოლოზ ალავიძე

საინვესტიციო სააგენტოს აღდგენა ფუჭად დახარჯული საბიუჯეტო რესურსი იქნება - ასევე აფასებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე „ქართული ოცნების“ ინიციატივას.

როგორც ნიკოლოზ ალავიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი სააგენტოები დამოუკიდებელი სახით არსებობს. თუმცა მისი შეფასებით, საქართველოს შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით ფუნდამენტური პრობლემების არსებობის ფონზე, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დამოუკიდებელი სააგენტოს არსებობას აზრი არ აქვს.

„თუკი ამ საკითხს დამოუკიდებლად განვიხილავთ, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სწორია, იმიტომ რომ ასეთი სააგენტო ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებობს. თუმცა ამ ფორმაციის შემთხვევაში, აბსოლუტურად არასწორი, აბსოლუტურად ფუჭი და ტყუილად დახარჯული საბიუჯეტო რესურსი იქნება და ჩვენი დაკარგული დრო. იმიტომ რომ პირველი ამოსავალი ნებისმიერი საინვესტიციო გარემოსთვის არის სამართლებრივი ჯანსაღი გარემო. სამართლებრივი გარემო კი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანის უფლებები.

ამას ექნება მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტისთვის დამაზიანებელი ეფექტი, იმიტომ რომ ეს არ არის გააზრებული ნაბიჯი. ეს კეთდება უბრალოდ იმისთვის, რომ გავიგეთ, კარგია. ეს იქნება ახალი დასაქმების სააგენტო, რომელიც არანაირ ეფექტს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები მოხმარდება ამ ყველაფერს, შემდეგ ამის გაპიარებას PowerPoint-ის პრეზენტაციებით“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ქართულმა“ ოცნებამ ჯერ კიდევ 2017 წელს გაუქმებული საინვესტიციო სააგენტოს აღდგენა და მისი ეკონომიკის სამინისტროში ცალკე უწყებად ჩამოყალიბება დაანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები