მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საინჟინრო-საპროექტო მიმართულებით 2025 წელს მილიონ კვადრატულზე მეტი დავაპროექტეთ" - "იმპოსტი" შედეგებსა და გეგმებზე

impost

"საინჟინრო-საპროექტო მიმართულებით 2025 წელს მილიონ კვადრატულზე მეტი დავაპროექტეთ" - ჰოლდინგური ჯგუფი "იმპოსტის" გასულ 17-წლიან ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ლევან ახვლედიანმა და დამფუძნებელმა დავით ჩანტლაძემ ისაუბრეს.

"იმპოსტი" ადგილობრივ ბაზარზე 17 წელია ოპერირებს და სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებებს აერთიანებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, განვლილი წლების განმავლობაში კომპანიის მიერ აშენებული კონსტრუქციების ფართობი მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება, საინჟინრო მიმართულებით კი პროექტების დაგეგმარებამ მილიონიან ნიშნულს 2025 წლის განმავლობაში მიაღწია.

""იმპოსტის" მიერ აშენებული ფართობი, ალბათ, მილიონ კვადრატულ მეტრს აღემატება, რადგან მუდმივად გვაქვს მიმდინარე 10-12-15 ობიექტი მაინც. საინჟინრო-საპროექტო მიმართულება ცალკეა და აქ 2025 წელს მილიონ კვადრატულზე მეტი დავაპროექტეთ.

ბაზარზე, რომელიც ფორმირდება, გაცილებით უფრო რთულია თავის დამკვიდრება, ვიდრე ფორმირებულ ბაზარზე, სადაც არსებობს მაგალითები - რა როგორ უნდა აკეთო. ბიზნესის კეთების 17-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენ მთავარი ხაზიდან არ გადაგვიხვევია. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს რეპუტაცია მოვიპოვეთ და ეს ნდობა გავამყარეთ, იყო, რომ არ გადაგვიხვევია ჩვენი გზიდან. ვიყავით მშენებლები და დავრჩით მშენებლებად. რა თქმა უნდა, ცდუნება ყოველთვის დიდი იყო, განსაკუთრებით დეველოპმენტში შესვლის, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ არ შეიძლება, ორგანიზაციამ ყველაფერი ერთნაირად მაღალ დონეზე აკეთო. შესაბამისად, ჩვენ დავრჩით იმ რწმენის ქვეშ, რომ ჩვენ ვართ მშენებლები. გვაქვს კლასიკური სამშენებლო კომპანია, რომელსაც დავამატეთ სამშენებლო კომპანიისთვის საჭირო კომპონენტები. ეს არის საინჟინრო მიმართულება და დღეს ვფარავთ აბსოლუტურად სრულ ციკლს - დაწყებული ხიმინჯის ჩასმიდან, დამთავრებული გასაღების ჩაბარებით", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა, "იმპოსტის" მმართველმა პარტნიორმა.

"საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, რა საჭიროება დაინახა "იმპოსტმა" სამშენებლო ბაზარზე იმისთვის, რომ საინჟინრო მიმართულებაც დაემატებინა და პროექტის განხორციელების სრული ციკლი დაეფარა.

"როგორც დავიწყეთ მუშაობა, მერე გზაში როგორც განვვითარდით, რა გამოცდილებაც მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო გაგვაძლიერა, აღმოვაჩინეთ, რომ ის კომპონენტები, რომლებიც აუთსორსზე გვქონდა, არ უდგებოდნენ საქმეს პასუხისმგებლობიანად, რამაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. რომ ავიღებდით მაგალითად სასტუმროს, იქ ვიღაცის კაბელის გაყვანაზე უფრო დიდ ენერგიას ვახარჯავდით, ვიდრე ძირითად საქმეზე და მივხვდით, რომ ეს ძირითადი კომპონენტები ჩვენი უნდა გვყოლოდა, სხვა შემთხვევაში ძალიან გვიჭირდა.

შესაბამისად, შემოვიერთეთ ის ძლიერი ადამიანები, ვის პროფესიონალიზმსაც ვხედავდით, ინჟინერი იყო, ხელოსანი თუ მუშა - არავის არ ვუშვებდით გარეთ და საერთო ჯამში მივედით იქამდე, რომ საინჟინრო-საპროექტო მიმართულებაც ჩვენი გვაქვს", - ამბობს ჰოლდინგის დამფუძნებელი დავით ჩანტლაძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას BMG-ის ეთერში დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კომპანია უახლოეს მომავალში თავისუფლების მოედანზე საკუთარი ოფისის მშენებლობას დაასრულებს და საქმიანობას იქიდან გააგრძელებს: "13 წლის წინ დავიწყეთ ეს პროექტი, მომავალ წელს თავისუფლების მოედანზე ვხედავთ ჩვენ თავს, სადაც ოფისს ვიშენებთ და ძალიან მალე აბსოლუტურად ყველა ადამიანი დაინახავს, სად ვართ".

კომპანიის მმართველმა პარტნიორმა "იმპოსტის" უფრო გრძელვადიანი მოლოდინებიც განიხილა და აღნიშნა, რომ კომპანია მუდმივად მზად არის, მოერგოს ბაზრის ცვალებად ტენდენციებსა და სტანდარტებს.

"თუ არ გავასწარით მოვლენებს, რაც დღეს ხდება, და თუ არ დავსახეთ უფრო მეტი სიმაღლის დაპყრობის სურვილი, ან გავძლებთ კიდევ მომდევნო 17 წელი და ან - ვერ გავძლებთ. იმისთვის, რომ დიდხანს გავძლოთ, ვფიქრობთ, რომ არ უნდა დავკარგოთ ინოვაციურობის შეგრძნება, არ უნდა დავკარგოთ იმის შეგრძნება, რომ განვითარებას სჭირდება ცვლილებები და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიცვალოთ, მზად ვართ, რომ ვისწავლოთ სტანდარტები. ბევრი არხიდან შეიძლება ადამიანმა წამოიღო ინფორმაცია და ცოდნა, რომელიც შეგიძლია შენს ყოველდღიურ ბიზნესს მოარგო. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ ახალი ოფისის ერთ სართულს ვიკავებთ, დადგება დრო, როდესაც ამ შენობის სრულად ათვისებას შევძლებთ ჩვენი თანამშრომლებით", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები