გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საჯარო გამოსვლებისთვის £2.5 მილიონის მოცულობის ავანსი მიიღო, - ამის შესახებ პოლიტიკოსის დეკლარაციაში წერია, რომელიც ჯონსონის ფინანსურმა რეგისტრმა გაასაჯაროვა. აღნიშნული ავანსი ნიუ-იორკში დაფუძნებულ Harry Walker Agency-ს ეხება, რომელიც სწორედ გავლენიანი ადამიანების საჯარო გამოსვლების ორგანიზებითაა ცნობილი.
ამავე ფინანსური დოკუმენტიდან ვიგებთ იმასაც, რომ იანვარსა და თებერვალში, ბორის ჯონსონისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ხარჯები მილიარდერმა ენტონი ბამფორდმა და მისმა მეუღლემ, ქეროლმა დაფარეს - საერთო ჯამში, საუბარია 13.5 ათას გირვანქა სტერლინგზე.
ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბორის ჯონსონმა დიდი მოცულობის თანხა გამოიმუშავა, პირიქით - გასულ ზაფხულს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მას ათობით მილიონი აქვს გამომუშავებული, როგორც საჯარო გამოსვლებით, ასევე ავტობიოგრაფიული წიგნით, რომელსაც ჯონსონი ახლა წერს. ამასთანავე, იანვრის დასაწყისში, ბორის ჯონსონმა მსხვილი შემოწირულებაც მიიღო - საუბარია ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგზე, რომელიც პოლიტიკოსს ბრიტანელმა კრიპტოინვესტორმა, კრისტოფერ ჰარბორნმა შესწირა.
დონაციებისა და ერთჯერადი შემოსავლებთან ერთად, ბორის ჯონსონს £84-ათასიანი ყოველთვიური საპარლამენტო ხელფასიც აქვს - გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში ის აქსბრიჯისა და სამხრეთ რაისლიპის საარჩევნო ოლქის მაცხოვრებელთა ინტერესებს წარმოადგენს.