პირველი ნოემბრიდან, ძალაში შედის "ოცნების" პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ. შესაბამისი ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შევიდა.
საჯარო სექტორში დასაქმებულებს, გამონაკლისის სახით, პარალელურად, შეეძლებათ სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სპორტული საქმიანობა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობა, რისთვისაც ხელმძღვანელის თანხმობა დასჭირდებათ. კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, პარალელურად ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელსაც მაქსიმუმ 1 წლის ვადა აქვს, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება ასევე ხელმძღვანელის წერილობით თანხმობას საჭიროებს, რომელიც გაიცემა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით.
რაც შეეხება მასწავლებლების ორ სკოლაში დასაქმებას, განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე განმარტავს, რომ მათაც ხელმძღვანელის ნებართვა დასჭირდებათ, საკითხი კი ინდივიდუალურად გადაწყდება.
"ეს არის ინდივიდუალური საკითხი. თუ მასწავლებელი თავის ფუნქციებს ასრულებს სრულფასოვნად და მაგალითად, პირველ ცვლაში არის ერთ სკოლაში და მეორე ცვლაში არის მეორე სკოლაში, შესაბამისად, აქ დაბრკოლება არ და ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ უშლის და არ ხდება გადაფარვა იმ სამუშაო დროისა, რომელსაც ეს ადამიანი უძღვნის. სწორედ ამიტომ იქნა ცალკე სამთავრობო დადგენილება გამოცემული, რომელიც იძლევა ამ გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას", - ამბობს მინისტრი.
ამასთან, საჯარო სექტორში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულს არ შეუძლია პარალელურად დასაქმდეს საჯარო სექტორში, გარდა გამონაკლისებისა, რომელსაც მთავრობის დადგენილება საზღვრავს კონკრეტული სფეროების მიხედვით.
გამონაკლისების შემთხვევაში კი, მეორე პოზიციაზე დასაქმებისთვის საჭიროა ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვა, რომელიც ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაიცემა.
განათლების სფეროში იმ საქმიანობების/ფუნქციების ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში ასეთია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი − საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასება;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი − ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი − საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი − პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ი) სააპელაციო საბჭოს წევრი − სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების პროცესის ფარგლებში, მაკეტის შინაარსობრივი რეცენზირება, მაკეტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება;
ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო ფუნქციების განხორციელება; სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება;
მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება; ინტერესების მიხედვით შექმნილ წრეებსა და კლუბებში არაფორმალური განათლების სასწავლო პროცესის წარმართვა;
ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით, ტესტის კრიტერიუმების, სპეციფიკაციებისა და ფორმატის შემუშავება; ტესტური დავალებების შექმნა; ტესტირების ფსიქომეტრული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ტესტური დავალებების რედაქტირება; ტესტების შეფასების სქემის შემუშავება; საინფორმაციო კრებულებისთვის მასალების მომზადება;
ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო სექტორში გამოცდის/ ტესტირების/კონკურსის დროს წესრიგის დაცვა; გამოცდის/ტესტირების /კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; ინსტრუქციების შესაბამისად, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; საგამოცდო სექტორში შესაბამისი დოკუმენტების, სექტორის უწყისების შევსება; გამოცდაში/ ტესტირებაში/კონკურსში მონაწილე კონკურსანტებისთვის ინსტრუქტაჟის მიცემა;
პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო ცენტრის მომზადება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურე-კურატორთა და გამოცდაში/ტესტირებაში /კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა რეგისტრაცია; კონკურსანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების შემოწმება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურეთა/კურატორთა ჩანაცვლება;
ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, უსინათლო კონკურსანტთათვის სპეციალურ ხმოვან პროგრამაზე/ბრაილზე საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების გადაყვანა და რედაქტირება; საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების კორექტირება და ექსპერტიზის განხორციელება;
რ) გამსწორებელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდაში/ტესტირებაში/ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება და შეფასება;
ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ტესტების მოსმენის დავალებების ჩაწერა; საგამოცდო აუდიოფაილების მონტაჟი (პაუზები, ხმაურისგან გაწმენდა, ინსტრუქციების სტანდარტიზაცია, ხმის ტემბრის რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა); მოსმენის დავალებების აუდიოფაილების მომზადება და დაარქივება; ლაპარაკის დავალებების შერჩევა;
ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები) − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდებში მონაწილეთათვის ზეპირი გამოცდის ჩატარება და მათი ცოდნის შეფასება;
უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ, პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფა, პროგრამის განვითარება, სასწავლო პროცესის წარმართვა, შეფასების წარმართვა, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მეთოდოლოგიის შექმნა; შესაძლებლობების განვითარების აქტივობებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მასწავლებლებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების − დარგობრივი სახელმძღვანელოების, გზამკვლევების მომზადება; განათლების სისტემის ეფექტიანი მართვისათვის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანალიტიკური დოკუმენტების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ან/და ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი − შესაბამისი გადამზადების მქონე პირის მიერ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სკოლის მანდატურის ფუნქციების შესრულება;
ქ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი − შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შექმნა, დაკაბადონება, რედაქტირება;
ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამებისა და სერვისების გაცნობა, სამიზნე ჯგუფის ინფორმირების მიზნით; პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის კარიერის დაგეგმვაში, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში დახმარების გაწევა;
ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი − დაინტერესებული პირისათვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, პროფესიის მოსინჯვა, სასწავლო გეგმის ადაპტირება, სწავლის შედეგების მიღწევაში მხარდაჭერა, სასწავლო პროცესში მხარდაჭერა;
შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი − სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევა, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის მომსახურების მიწოდება; საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირება და კონსულტირება, პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში; საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასა და მასწავლებლებთან სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით) − მოსწავლის/პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და პირის/მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი − ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შექმნილი მრავალდისციპლინარული გუნდის ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროგრამ(ებ)ის მიმდინარეობის, განხორციელების გეგმებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;
წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით) − პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების საქმიანობისა და მათზე დაკისრებული სამუშაოს განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, ვიზიტების განხორციელება და დაკვირვება სპეციალისტის სამუშაო გარემოში; სპეციალისტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მხარდაჭერის აღმოჩენა; პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის გაწევა.
თუ საჯარო მოსამსახურე ამ მოთხოვნებს დაარღვევს, ის გათავისუფლდება ყველა დაკავებული თანამდებობიდან. მას გათავისუფლების დღიდან 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება დაიწყოს მუშაობა საჯარო სამსახურში. ამასთანავე, მას ეკისრება კომპენსაციის გადახდა შესაბამისი დაწესებულებების ბიუჯეტების სასარგებლოდ, დაკავებული თანამდებობების დატოვების ვალდებულების წარმოშობიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობით.




























