რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს ჯერ კიდევ რჩება შანსი პრეზიდენტთან და ოპოზიციასთან ახალი არჩევნების პირობებზე ისაუბროს, სანაცვლოდ კი რეჟიმის ცვლილების შემდეგ ხელშეუხებლობის დაპირება მიიღოს.
კახა გოგოლაშვილი ასეთი შეხვედრის გამართვას მხოლოდ დარბევაზე სრული მორატორიუმისა და ყველა დაკავებულის განთავისუფლების პირობებში უნდა მოხდეს. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებს, რათა "ოცნების" ხელისუფლებაზე მოახდინონ გავლენა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.
"პროტესტმა საქართველოში საყოველთაო და შეუქცევადი სახე მიიღო, რომლის შემდგომი ესკალაციაც პროცესებს სრულიად უმართავს და ძალზე სახიფათოს გახდის. სანამ პროცესი სპონტანურად საყოველთაო აჯანყების ფაზაში გადავა, "ოცნების" მმართველ გუნდს ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ მოიწვიოს პოლიტიკური ძალები, პრეზიდენტი და აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ახალი არჩევნების გამართვის პირობებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად. სანაცვლოდ შეუძლია მიიღოს მათგან რეჟიმის ცვლილების შემდგომ ხელშეუხებლობის თაობაზე დაპირება. ასეთი დაპირება შეიძლება მოიცადეს პოლიტიკურ და თანამდებობრივ პირებზე დევნის არ წარმოებას, გამოკლებით იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩადენილია ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ან სახელმწიფოს მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობა.
ასეთი შეხვედრა უნდა მოხდეს აქციების დარბევაზე სრული მორატორიუმის და ყველა დაკავებული პროტესტანტის ან პოლიტიკური პარტიების წევრების უპირობოდ განთავისუფლების ფონზე.
ყველა სფეროს საჯარო მოსამსახურეების ვალდებულებაა, რომ გაიფიცონ და წნეხი განახორციელონ ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რათა მათ შესთავაზონ აღნიშნულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს მეტად გაბედულად და ოპერატიულად, რათა მოქმედებაში მოიყვანონ სანქციებისა და მათთან გათანაბრებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებები, აიძულონ მმართველი ძალა ეძებოს მათთვის ყველაზე ნაკლებად მტკივნეული გამოსავალი", - წერს კახა გოგოლაშვილი.