სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებულ საქმიანობას აჯამებს. მისი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო. 237 (56%)- სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე - მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს.