საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად მარეგულირებელ გარემოს ასახელებს. განცხადება მან "საქმიანი დილის" ეთერში გააკეთა.
„ბოლო სამი წელია ევროკავშირის 40 დირექტივასთან ადაპტაციის პროცესს ვაკვირდები. მგონია, რომ საქმე გვაქვს ე.წ. „ადმინისტრაციულ ეგოიზმთან“, როდესაც კონკრეტული დირექტივა გადმოგაქვს, აკეთებ არჩევანს ყველაზე მკაცრ და ყველაზე ლმობიერ სტანდარტებს შორის, რომელსაც არჩევანის სახით, როგორც წესი, დირექტივის ტექსტი იძლევა.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ უნდა შევადაროთ დირექტივაში წარმოდგენილი საზოგადოებრივ, სოციალურ ინტერესი იმ ღირებულებასა და დანახარჯს, რაც მოცემული რეგულაციის დამკვიდრებისას ყველამ ერთად უნდა გავიღოთ. ზოგიერთი ადმინისტრაციული ორგანო კი ცდილობს ყველაზე მკაცრი სტანდარტი გადმოიღოს, რათა დაამტკიცოს, რომ, ერთი მხრივ, ყველაზე მეტად შეასრულა ვალდებულება, და მეორე მხრივ, დაამტკიცოს, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, პრობლემაა ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესიც.
„ძალიან ხშირად გვისმენენ და ხდება გონივრული ვადის მიცემა, თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც რეგულაციას დაამტკიცებენ და სამ დღეში ხდება მისი ამოქმედება, რის გამოც ბიზნესს მომზადების დრო აღარ აქვს. მაქვს იდეა, რომ გარკვეული საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოირჩევიან მსგავსი მიდგომებით, წავიყვანოთ ბიზნესში 6 თვით და ვანახოთ რეგულაციები რა გავლენას ახდენს ბიზნეს პროცესებზე. ცხადია, საჯარო მოხელე, რომელიც ათწლეულია მუშაობს საჯარო სამსახურში, არ აქვს შიგნიდან ბიზნესის დანახვისა და გაგების გამოცდილება და ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა, შეიძლება ესეც იყოს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა BAG ინდექსის მეოთხე კვარტლის განახლებული მონაცემები, რომელშიც, როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში ახალი ტენდენცია შეინიშნება.
კერძოდ, თუ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 60%-ის მიერ უმთავრეს პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა.




























