მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო მოხელეთათვის მობილური სერვისის გაწევის ტენდერიდან ბილაინი დისკვალიფიცირდა

63a5924e4a69f
ნინო ტაბატაძე, შოთა ტყეშელაშვილი
23.12.22 15:20
4506
სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთათვის სატელეფონო მომსახურების გაწევის ტენდერში გამარჯვებულებად "მაგთიკომი" და "სილქნეტი" დასახელდნენ, ტენდერში მონაწილე მესამე კომპანიას - "ვიონი საქართველოს" (ბილაინს) კი დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მიზეზი სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობაა.

აღნიშნულის შესახებ BMG-იმ "ვიონი საქართველოს" პრესსამსახურს კითხვით მიმართა. კომპანიის განმარტებით, ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

თავად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი დისკვალიფიკაცია შემდეგი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ განაპირობა:

"შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2.1. ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებული იყო წარმოედგინა შესაბამისი უწყების/ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა - პრეტენდენტის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, შპს „ვიონი საქართველომ“, სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 30 ნოემბერს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, შპს „ვიონი საქართველოს“ ქონებაზე რეგისტრირებულია ორი საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული ორი მობილური ოპერატორი სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ დაახლოებით 260 000 აბონენტს გაუწევს მომსახურებას. ფიჭური სატელეფონო მომსახურების გაწევა კი, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით განხორციელდება.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას, 2018 წელს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, „მაგთიკომი“ , „სილქნეტი“ და „ვიონი საქართველო“ (ბილაინი) აწვდიდნენ. მაშინ "ბილაინს" ამ სეგმენტზე შესვლის უფლება პირველად მიეცა. ამ კონტაქტის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ბოლო ვადად 2022 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული.

კომპანიების შერჩევას მთავრობა 2019 წლის 1-ელ მარტს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერითაც ცდილობდა, თუმცა წინადადებები მხოლოდ „ბილაინმა“ წარადგინა. შესყიდვების სააგენტომ კი მიიჩნია, რომ „ერთი გამარჯვებული ოპერატორის (შპს „ვიონი საქართველოს“) არსებობა, ალტერნატიული წყაროს გარეშე , შეიცავდა რისკს იმის თაობაზე, რომ მისი შეფერხების შემთხვევაში, შესაძლოა თავიდან ვერ ყოფილიყო აცილებული შემსყიდველი ორგანიზაციების სატელეფონო მომსახურების გარეშე დარჩენა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები