საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარადგენს, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ და მიწის რეგისტრაციის მარეგულირებელ სხვა კანონებში არსებით სიახლეებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციების გაფართოება. 2026 წლის 1 ივნისიდან სააგენტოს დაემატება შემდეგი ფუნქციები:
- ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება;
- კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა;
- საკადასტრო, ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა;
ამავე კანონპროექტით შემოვა „სახელმწიფო ამზომველის“ ცნება, რომელიც იქნება სააგენტოში დასაქმებული, აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. სახელმწიფო ამზომველი უფლებამოსილი იქნება აწარმოოს ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და მისი ერთეულის შიდა აზომვითი სამუშაოები. აღნიშნული ინსტიტუტიც 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
ცვლილებების მიღების მიზეზად დასახელებულია საკადასტრო მონაცემების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რათა მონაცემები მუდმივად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ 1990-იან წლებში ჩატარებულმა მიწის რეფორმამ სისტემური ხარვეზები დატოვა, რის გამოც არაზუსტმა ხელსაწყოებმა და არასწორმა მეთოდოლოგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა სამეზობლო დავების რიცხვი და მცდარი კოორდინატებით რეგისტრირებული მიწების რაოდენობა.


























