“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირმა - კონსტიტუციის 78-ე მუხლმა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ერთობლივად მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (ILO), რათა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე დაინტერესდეს და შექმნას საგამოძიებო კომისია.
კომისია შეისწავლის საჯარო უწყებებიდან მასიური განთავისუფლებების ფაქტებს და რამდენიმე უწყების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესაბამისობას საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებით.
დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, კახი სამხარაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ იმედი აქვს, გაიცემა რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
" მიმართვა გადავწყვიტეთ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში ხდება. განგრძობითი პროცესია, დაუსრულებელი რეპრესიები საჯარო მოხელეების მიმართ. განსხვავებული აზრის გამო, ათავისუფლებენ სამსახურიდან, ხდება მათი შევიწროება სამუშაო ადგილებზე. სწორედ ამიტომ, მივმართეთ ILO-ს და ველით, რომ შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც დაადგენს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
სულ ორი პრეცედენტი იყო, როცა საგამოძიებო კომისია შეიქმნა. აქედან ბოლო, ბელარუსს და იქ საჯარო სამსახურში მიმდინარე წმენდას უკავშირდება. ბუნებრივია, ჩვენც ველით, რომ იქნება შესაბამისი რეაგირება და გაიცემა სათანადო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შემდეგ, უკვე მოახდენენ ზეწოლას ქვეყნის შიგნით არსებულ ინსტიტუტებზე", - განაცხადა კახი სამხარაძემ bm.ge-სთან.
შეგახსენებთ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამაც (GTUC) „ქართული ოცნების“ მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ექსპერტიზისთვის გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა (ILO).
ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც აყალიბებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს კონვენციების და რეკომენდაციების სახით და ამით ადგენს ძირითადი შრომითი უფლებების მინიმალურ სტანდარტებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო 1993 წელს შეუერთდა.




























