საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) „ქართული ოცნების“ მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ექსპერტიზისთვის გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა (ILO). ამის შესახებ BM.GE-ს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) შეფასებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით შესული ცვლილებები აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიებს და ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას თუ შრომის საერთაშორისო სტანდარტებს. გაერთიანებამ, 14 დეკემბრის საჯარო განცხადებით, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ცვლილებები და თქვა, რომ ILO-ს მიმართავდა მისი საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ აღიარების მოთხოვნით.
ირაკლი პეტრიაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომლის გამოყენებაც ILO-ს კანონის შესაცვლელად მთავრობაზე ზემოქმედებისთვის შეუძლია.
როგორც ის ამბობს, აუცილებლად დაიდება დასკვნა, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება 98-ე და 87-ე კონვენციებს და მოთხოვნა იქნება საქართველოსთან, როგორც წევრ ქვეყანასთან, რომ ეს გამოსწორდეს.
„დაგვიდასტურეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დადებს დასკვნას. შემდეგ, იქნება მითითება და შეხვედრა მთავრობასთან, რომ ეს ყველაფერი გამოასწორონ, ხოლო თუ არ გამოსწორდება, შემდგომ ივნისის კონფერენციაზე გავა საკითხი, როგორც ქეისი ე.წ. მოკლე სიის ფარგლებში, სადაც ის ქვეყნები შედის, რომლებშიც ყველაზე მეტად ირღვევა შრომითი უფლებები. ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ სესია მიმართული იქნება ამ საკითხზე და გამოთქვამს მოსაზრებას. ამის შემდეგ, უკვე იქნება ექსპერტთა და ნორმების კომიტეტი, სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, და იმ დასკვნაში, რაც იქნება დადებული, მექანიზმებზეც იქნება საუბარი, როგორ აიძულონ ქვეყანა, რომ ეს შეცვალოს. ბევრი მექანიზმი არსებობს, ხმის უფლების ჩამორთმევამდე. ILO-ს განცხადებები შეიძლება როგორც გვინდა ისე სწრაფად არა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანს აღწევს“,- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე, მათ შორის ინვესტორებთან.
„ევროკავშირისთვის, ექსპერტი შრომით საკითხებში, რომლის დასკვნებსაც ეყრდნობა არის ILO-ს დირექტივები, კონვენციები და ა.შ. შესაბამისად, ILO-ს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნა ამ თუ იმ კანონთან დაკავშირებით, აისახება ქვეყნის გარე სამყაროსთან ურთიერთობებში, იქნება ეს ევროკავშირი, ევროსაბჭო, EBRD, მსოფლიო ბანკი და ა.შ.”,- აღნიშნა პეტრიაშვილმა.
ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, პროფკავშირებს მიმდინარე პერიოდში გათავისუფლებულმა საკმაოდ ბევრმა საჯარო მოხელემ მიმართა.
„საჯარო მოხელეთა პროფკავშირებს მიმართავენ, ჩვენი იურიდიული სამსახურია ჩართული. თუ სასამართლოსთან დაკავშირებითაც რამე ცვლილება არ მიიღეს, ამ ადამიანებს სამართალი აუცილებლად დაუდგებათ, ისევე როგორც ჩვენს უამრავ ბენეფიციარს დაუდგა სამართალი და განაცდური თანხები აიღეს“,- ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
ცნობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა, რომელიც აყალიბებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს კონვენციების და რეკომენდაციების სახით და ამით ადგენს ძირითადი შრომითი უფლებების მინიმალურ სტანდარტებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო 1993 წელს შეუერთდა.