ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლები სხვადასხვა საგნებში სახელმძღვანელოებს ვეღარ აირჩევენ. განათლების სამინისტრო 2-3 წელიწადში ყველა სახელმძღვანელოს შეცვლას და ექსპერტების ჩართულობით, თითოეული საგნისთვის ერთი ახალი სახელმძღვანელოს შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის წარდგენისას განაცხადა.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს.
„2-3 წლის განმავლობაში, სკოლებში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით. დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურების გავლით, სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით, ექსპერტთა ჯგუფები შეარჩია. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები შემდეგი სტანდარტით უნდა დაინერგოს - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იგივე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი და ხელმისაწვდომი იქნება ერთიანი გაზომვადობა.
ჩვენ დავნერგეთ სწავლის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ატვირთვას და ხელმისაწვდომობას, ასევე დამატებითი რესურსების ატვირთვას, რაც ცოდნის გაღრმავებისთვის იქნება საჭირო. ჩვენ ამ პლატფორმის განვითარებას და პოპულარიზაციას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ზოგადი განათლების რეფორმების წარდგენის შემდეგ BM.GE-მ გივი მიქანაძეს ჰკითხა - რატომ გახდა აუცილებელი თითოეულ საგანში ერთი სახელმძღვანელოს შემუშავება, რაზედაც მინისტრმა უპასუხა:
„ცვლილება იქიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ერთი და იგივე საგანს, ერთი და იგივე დონეზე სხვადასხვა სახელმძღვანელოებით ასწავლიან, რაც არ იძლევა განათლების ხარისხის ერთიანობის და სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობას, გაზომვადობას და ხშირად ამ მეთოდოლოგიებს შორის აცდენაა. ამიტომ რომ დავიზღვიოთ და ამ პროცესიდან გვქონდეს სრული შედეგიანობა, რადგან სახელმძღვანელოს სასწავლო პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამინისტრომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს ამ სახელმძღვანელოს ხარისხზე შინაარსობრივ კომპონენტზე და უზრუნველყოს, რომ ყველა სკოლაში, ერთი და იგივე დონზე, ერთი და იგივე საგანში იყოს ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო და არა რამდენიმე“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო პროცესში ჩართვის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მისივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოებზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა არ დაუკონკრეტებია - როდის. „სასწავლო პროგრამის სტანდარტები სრულ შესაბამისობაში იქნება იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ეროვნული გამოცდები აწესებს“, - აღნიშნა მიქანაძემ.




























