მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახალხო დამცველი გენინსპექციას მოუწოდებს, პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფების ფაქტებზე ჩატარდეს შემოწმება

ომბუდსმენი

სახალხო დამცველი დღევანდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას - პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

"შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას - პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 1481 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის შემოსასვლელთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაფიქსირდა საპოლიციო ძალების მხრიდან მოქალაქეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. ვრცელდება ასევე კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ერთ-ერთ დაკავებულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები