მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახაზინო ადვოკატების სისტემაზე პასუხისმგებელი ორგანო მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის - კანონპროექტი

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა დღეს "იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლითაც იცვლება ამ ორგანოს ხელმძღვანელობის დანიშვნის წესი და ის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის. ასევე უწყება მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების საბჭო, ნაცვლად ცხრა წევრისა, შვიდი წევრისაგან დაკომპლექტდება, რომელთაგან 2 წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნება, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − საქართველოს გენერალური პროკურორი, 1 − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − საქართველოს სახალხო დამცველი და 1 − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი განისაზღვრება.

კანონპროექტით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ენიჭება, რომელსაც აღნიშნული საბჭო სამსახურის დირექტორობის კანდიდატს დასანიშნად წარუდგენს.

კანონპროექტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. განხილვისას დაფიქსირდა შენიშვნები იმის თაობაზე, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოში გენერალური პროკურორი აღარ შედიოდეს და აღნიშნული ფუნქცია იუსტიციის მინისტრზე გადავიდეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციას მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული დახმარების მიწოდება წარმოადგენს. უწყება 2007 წლიდან არსებობს და ის სახაზინო ადვოკატების სისტემის ოპერირებაზე არის პასუხისმგებელი.

  • იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.

2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტი 18 მილიონ ლარს შეადგენს. უწყების ხელმძღვანელის პოსტს დავით სიმონია იკავებს.

ახალი კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, და აკაკი ალადაშვილი.
კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები