მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები იზრდება - რას ნიშნავს ეს?

tbill

გლობალური ფინანსური სისტემა მორიგი გამოწვევის წინაშეა - მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა 4.7%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

სახაზინო ვალდებულებების განაკვეთების ზრდა მათი ფასების შემცირებას იწვევს, თავის მხრივ, ეს პროცესი კი საფონდო ბირჟებზე და გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. 2020 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები საშუალოდ 46%-ითაა გაუფასურებული.

ობლიგაციის განაკვეთის მკვეთრი ზრდა, პირველ რიგში, იმის მაუწყებელია, რომ სესხის აღება გაძვირებულია, თანაც დრამატულად. გაძვირების ეს ტენდენცია ეხება როგორც ქვეყნის მთავრობას, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ყოველდღიური პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს.

დავიწყოთ იმით, რომ სახელმწიფო ობლიგაცია არის სავალო ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა დამატებითი ფულადი სახსრების მოსაზიდად იყენებს. ობლიგაციების გამოშვებით მთავრობა ინვესტორების წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ წინასწარ განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, ის ნასესხებ ძირ თანხას უკან სრულად დააბრუნებს და ობლიგაციების შემსყიდველებს პერიოდულ საპროცენტო სარგებელსაც გადაუხდის.

ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად სახელმწიფოებს პერიოდულად სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვა, ამიტომაც მთავრობები სესხის აღების თხოვნით ინვესტორებს მიმართავენ და ბაზარზე ობლიგაციებს ათავსებენ. ინვესტორები ობლიგაციებს ყიდულობენ და ამ ქმედებით ისინი მთავრობას სესხს აძლევენ, გაწეული დახმარების სანაცვლოდ კი ისინი პროცენტულ სარგებელს იღებენ.

რაც უფრო მეტად იზრდება ობლიგაციის პროცენტული განაკვეთი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს თანხის გაცემის სანაცვლოდ მეტი სარგებლის მიღება სურთ. თავად პროცენტის მოცულობას კი არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ვითარებაა.

როგორც წესი, ობლიგაციებზე მოთხოვნა მაშინ იზრდება, როდესაც ბაზარზე გაურკვევლობა და რისკის მაღალი დონეა, ასეთ დროს ინვესტორები თანხის დასაბანდებლად სტაბილურ, დაბალრისკიან აქტივებს ირჩევენ, სახაზინო ობლიგაციებს კი ინვესტორები ყველაზე დაბალრისკიან აქტივებად განიხილავენ.

ამჟამად მსოფლიოში სწორედ ასეთი ვითარებაა. შუაგულ ევროპაში ომი წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, ჩინეთის უძრავი ქონების სექტორის კოლაფსის პირასაა, საფონდო ბირჟა დაღმასვლისკენაა მიმართული, ამერიკასა და ევროპას კი ინფლაციასთან და რეცესიულ რისკებთან ერთდროულად უწევთ გამკლავება. სწორედ ასეთ დროს ინვესტორებს თანხის დასაბანდებლად სახაზინო ობლიგაციებს ირჩევენ.

მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამერიკის ცენტრალურ ბანკს, ანუ ფედერალურ რეზერვს უკავშირდება, რომელიც გასული წლიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზეა გადართული. ამ მოკლე პერიოდში FED-მა რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა, მაშინ როცა 2020 წელს განაკვეთი 0%-ის ფარგლებში იყო.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ობლიგაციების განაკვეთების ზრდა სწორედ ამ ორ ფაქტორთანაა დაკავშირებული. FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის განმარტებით, ამერიკაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქამდე შენარჩუნდება, სანამ ინფლაცია სრულად არ დაიძლევა, ეს პერიოდი კი, შესაძლოა, რამდენიმე თვე და კვარტალიც კი გაგრძელდეს.

ამჟამად ინვესტორები შიშობენ, რომ FED-მა, შესაძლოა, რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე უფრო მეტად გაზარდოს და გამკაცრების პოლიტიკა მომავალ წელსაც კი გაგრძელდეს. ობლიგაციის განაკვეთის ზრდას სწორედ ეს მოლოდინი განაპირობებს. ინვესტორებს თანხის გაცემის სანაცვლოდ მეტი სარგებლის მიღება სურთ, რადგან ისინი ვარაუდობენ, რომ ფედერალური რეზერვი კრედიტს კიდევ უფრო მეტად გააძვირებს.

ცხადია, ობლიგაციების განაკვეთების ზრდის ტენდენცია მხოლოდ ამერიკაში არ ფიქსირდება და ანალოგიურ ვითარებას ვხედავთ ევროპისა და აზიის მასშტაბითაც, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მონეტარული პოლიტიკა თითქმის ყველა ცენტრალურმა ბანკმა გაამკაცრა, ამერიკა კი გლობალური ფინანსური სისტემის სათავეშია.

თუკი ამჟამად არსებული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით სესხების, პროდუქტებისა და სერვისების გაძვირებასთან მიგვიყვანს, რაც მოსახლეობას ხარჯვის შემცირებისკენ უბიძგებს, თავად ეს კი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეანელებს და რეცესიულ რისკებს გაზრდის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები