ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, მკვლელობას გმობს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - წერს მეთიუ მილერი.
6 ნოემბერს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო დაკვებისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარ ფაქტზე.
"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.
მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.