მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო 2026 წლის რთველის დროს ყურძნის 3 განსხვავებულ ფასს დაადგენს - ლევან მეხუზლა

ყურძენი

სახელმწიფო 2026 წლის რთველის დროს ყურძნის 3 განსხვავებულ ფასს დაადგენს - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს. მის კომენტარს სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება - თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.

„მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

მიმდინარე წელს, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იყო ჩართული.

2025 წლის რთველის დაფინანსება მთავრობას რეკორდულად ძვირი 220 მილიონი ლარი დაუჯდა, ამას ითვალისწებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი, რომლის თანახმადაც ამ მიმართულებით პირვანდელ გეგმასთან შედარებით 160 მილიონი ლარით მეტის, 220 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

რაც შეეხება მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი სახელმწიფომ შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები