მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას Eagle Hills-ის სასარგებლოდ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, „Eagle Hills“-თან თანამშრომლობის პირობებზე საუბრისას თქვა, რომ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს არ აქვს არც ფინანსური ვალდებულება, არც გარანტია, არც არანაირი არასტანდარტული პირობა პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ.

კობახიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფოს მესამედის წილი ექნება, ხოლო დანარჩენი ორი მესამედი ინვესტორ კომპანია Eagle Hills-ს ეკუთვნის.

„საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ პროექტში შევდივართ მიწით და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, არავითარი გარანტიის ვალდებულება პარტნიორი კომპანიის მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პროექტის დაფინანსებისა და მენეჯმენტის სრული პასუხისმგებლობა ინვესტორს ეკისრება.

„ინვესტორი იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს. არავითარი ვალდებულებები, არავითარი ფინანსური გარანტია და არავითარი სპეციალური პირობები პარტნიორი კომპანიისთვის,“ - აღნიშნა მან.

კობახიძის შეფასებით, ეს პირობები პროექტის გამჭვირვალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები