მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს - პროგრამის პირობები

სუბსიდირება

მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება წელსაც დასუბსიდირდება. 2023 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ პროექტი 7 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. დღეს კი გარემოს დაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

„წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი 50 ათასი ტონაზე მეტი იქნება. იმისათვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი,  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება“, - განმარტავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს კოორდინაციას ადგილზე გაუწევს.

ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, ვალდებულნი იქნებიან საკოორდინაციო შტაბში რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით გაიარონ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები