მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აუდიტი 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ანგარიშზე მიმოხილვას აქვეყნებს

ბიუჯეტო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით როგორც შემოსულობები, ასევე გადასახდელები 21.9 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

"ოქტომბერში, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 22.2 მლრდ ლარამდე (1.2%-ით), გადასახდელების კი 22.3 მლრდ ლარამდე (2.0%-ით) გაიზარდა.

8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულმა შემოსულობებმა 14.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66.0%-ია. ამ პერიოდში მიღებული საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მაჩვენებელი ძირითადად წინა ორი წლის ანალოგიურია. გრანტების სახით მიღებული შემოსავლების 8 თვის ფაქტობრივი მაჩვენებელი წლიური გეგმის 70.9%-ია, ხოლო სხვა შემოსავლების - 85.4%. სხვა შემოსავლების კუთხით საყურადღებოა „პროცენტის“ მუხლი, რომლის შესრულება წლიური გეგმის 83.1%-ია და მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით მოსალოდნელია გეგმურ მაჩვენებელზე გადაჭარბებით შესრულება.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმიდან ჩამორჩენით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობები. 9 თვის ოპერატიული ინფორმაციით ამ კომპონენტში მობილიზებულია 102.7 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 51.4%-ია.

რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს, 8 თვის ათვისების მაჩვენებელი წლიური გეგმის 61.9%-ს (13.8 მლრდ ლარს) შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს გადასახდელების თანაბარზომიერი ათვისების ტენდენცია გაუმჯობესებულია, რაც ძირითადად განაპირობა „ხარჯების“ მუხლის დინამიკამ. თუმცა არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის მუხლების შემთხვევაში გრძელდება გასული წლების ტენდენცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, როგორც მხარჯავი დაწესებულებების ასევე მაკოორდინირებელი უწყების მხრიდან, ყურადღება მიექცეს გამოყოფილი რესურსის დროულ ათვისებას, რათა არ მოხდეს საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის წლის ბოლო თვეში დახარჯვა.

საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში, საყურადღებოა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებსა და დაბალი ათვისების მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების არსებობაში. კერძოდ:

ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ადგილი აქვს თანხების მობილიზებას ისეთი ღონისძიებების/პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ასიგნებების გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;
გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროგრამების/ქვეპროგრამების ან ცალკეული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების ფარგლებში ჭარბი ოდენობით რესურსის დაგეგმვას ან/და წლის განმავლობაში აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე;
გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 8 თვის მდგომარეობით, 9 თვის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით 80%-ზე დაბალი ათვისება აქვს 65 პროგრამასა (პროგრამების 48.1%) და 53 ქვეპროგრამას (ქვეპროგრამების 50.0%).
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებისას არ განახლებულა კაპიტალური პროექტების დანართი, რაც მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანალიზს ართულებს. ამასთანავე, სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ კანონზე თანდართულ დანართში წარმოდგენილი პროექტების განხორციელების პროცესის ანალიზისას ცალკეული კაპიტალური პროექტების შემთხვევაში იკვეთება გარკვეული შეფერხებები.

2023 წლის 8 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 30.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 969 მლნ ლარით (3.3%-ით) მეტია. სახელმწიფო ვალის მოცულობა ბიუჯეტის კანონით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლის (31.3 მლრდ ლარი) 97.8%-ია.

მთავრობის ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით 29.6 მლრდ ლარია და 2022 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 მლრდ ლარითაა (3.6%-ით) გაზრდილი. მათ შორის, მთავრობის საშინაო ვალი 985 მლნ ლარით, ხოლო საგარეო ვალი 46 მლნ ლარით გაიზარდა. საგარეო ვალი ახალი კრედიტების აღების შედეგად 431 მლნ ლარით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ დააბალანსა ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად ვალის შემცირებამ 386 მლნ ლარით.

2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდა ჯამურად 965 მლნ ლარის ათვისება, რაც წლიური გეგმის 60.7%-ია. ათვისების აღნიშნული მაჩვენებელი 12.4 პ.პ.-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით", - წერია აუდიტის დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები