მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო, ბიზნესმენ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებს

გოგოლის ქუჩა

სახელმწიფო ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებს.

ამის შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობა სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის.

„მინდა შევეხო ბოლო დროინდელ აქტუალურ თემას, ქალაქ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე შენობებთან, რამდენიმე დღეა შეკრებილი არიან მოქალაქეები და ითხოვენ ბინების გადაცემას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შენობები სრულად იქნება გათვალისწინებული სოციალური მიზნებისთვის და მათ კომერციული დანიშნულება არ ექნება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში 2000-მდე ეკომიგრანტია, რომლებსაც სჭირდებათ საცხოვრებელი სახლი. ამ ადამიანების ნაწილს ჩვენ უზრუნველვყოფთ ქირით და ამისთვის ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება. ბატონი პრემიერის ინიციატივა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს თანხა სხვა, ასევე, მნიშვნელოვან მიმართულებებში გამოვიყენოთ - იქნება ეს სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამები.

ასევე, მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული შენობები არ არის საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელ ბინებად კეთილმოწყობას. ასევე, შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ განცხადებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად“, - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ ბოლო დღეებში გავრცელებულ სპეკულაციებს, რადგან სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი.

„მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ თემის ირგვლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება. სახელმწიფო არ მისცემს არავის უფლებას, რომ თვითნებურად დაიკავონ აღნიშნული ობიექტი. პირად კონტროლზე მაქვს აღნიშნული საკითხი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, დაწყებულია მუშაობა და აღნიშნული შენობები აუცილებლად სრულად გათვალისწინებული იქნება სოციალური მიზნებისთვის“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას "ბათუმელებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. როგორც გამოცემა წერდა, 24 იანვარს კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვდა რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებდა, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს. აღნიშნულმა გამოიწვია საპროტესტო აქცია, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

"სახელმწიფომ ბიზნესმენს ჩამოართვა უძრავი ქონება ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში. საუბარია იმ კორპუსებზე, რომელიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა და სახელმწიფოს მისთვის ხელი არ შეუშლია. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობას ბიზნესმენთან ურთიერთობა დაეძაბა, ამ კორპუსების კანონიერებაზე დაიწყო ადმინისტრაციული დავა ბათუმის სასამართლოში.

ამჯერად, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი აამოქმედა პროკურატურამ ოზთურქის წინააღმდეგ, რაც ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევას გულისხმობს. ოზთურქი ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ეს ქონება ოზთურქის ჩამოართვეს იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც პროკურატურის ვერსიით, ოზთურქიმ მიაყენა სახელმწიფოს და რაც დაახლოებით 23 მილიონი ლარად შეფასდა", - წერდა გამოცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები