სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ (GSE) ავსტრიულ კომპანია „Siemens Aktiengesellschaft Oesterreich“-თან ელექტროენერგეტიკული მართვისა და მონიტორინგის სისტემის — SCADA-ს — მხარდაჭერის მომსახურების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
SCADA (Supervisory Control and Data Acquisition) წარმოადგენს სისტემას, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგეტიკული ქსელის მუშაობის ცენტრალიზებული დაკვირვება და მართვა. ასეთი სისტემები ოპერატორებს ინფორმაციას ქსელის მდგომარეობაზე, შესაძლო შეფერხებებსა და ავარიულ სიტუაციებზე რეალურ დროში აწვდიან და ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
ხელშეკრულება 2026 წლის 30 იანვარს გაფორმდა და ძალაში 2027 წლის 2 მარტამდეა. მისი საერთო ღირებულება დღგ-ის გარეშე 304 678.27 ევროს შეადგენს. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა, ექსკლუზივის საფუძველზე, ხოლო დაფინანსება სრულად სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთარი შემოსავლებით ხორციელდება. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გადახდა არ განხორციელებულა.
დოკუმენტის მიხედვით, „Siemens Aktiengesellschaft Oesterreich“ GSE-ს სისტემის მხარდაჭერის მომსახურებას გაუწევს, რაც ტელეფონისა და წერილობითი კომუნიკაციის გზით კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას დისტანციურად მოიცავს. მომსახურების მიზანია არსებული SCADA სისტემის გამართული მუშაობის შენარჩუნება და შესაძლო პრობლემებზე დროული რეაგირება.




























