მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 17 NGO-ს ₾1.65 მლნ-ის გრანტს მისცემს

მთავრობა

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 17 არასამთავრობო ორგანიზაციაზე ₾100 000-მდე ოდენობის გრანტს გასცემს.

უწყების ინფორმაციით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების საჯარო კონკურსი დასრულდა და საგრანტო განაცხადების განმხილველმა საბჭომ გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივები გამოავლინა.

გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივების საერთო ბიუჯეტი 1,657,775 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ეს ის სააგენტოა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის თებერვალში შექმნა.

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

"სამოქალაქო ინიციატივები შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს:

  • შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
  • სპორტის განვითარება
  • განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა
  • რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა
  • შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა
  • დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობა".

გამარჯვებული განცხადებები: ბმულზე

პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები III მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. ცვლილების თანახმად, მარტიდან შეიქმნა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.

სააგენტოს მიზანი საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება აქვს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

სააგენტოს ჩამოყალიბების პარალელურად, მაშინ ერთპარტიულმა პარლამენტმა ცვლილება შეიტანა "გრანტების შესახებ" კანონში, რომლითაც უცხო­უ­რი დონორებისგან გრან­ტის მი­ღე­ბას მთავ­რობის ან მთავ­რო­ბის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის თან­ხმო­ბა სჭირდება. გაზაფხულიდან ქვეყანაში აკრძალული გრანტის მიღება გრანტის მიმღების დაჯარიმებას იწვევს, აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს უფროსის ხელფასი 10 585 ლარი იქნება, მოადგილის–8 760 - განკარგულება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები