სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლები ფულად ჯილდოს მიიღებენ. მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 25 დეკემბერს გამოსცა.
დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის სააგენტოს 3 თანამშრომელი (თავმჯდომარე, მოადგილე და გრანტის მართვის დეპარტამენტის უფროსი) ფულადი ჯილდოს სახით 21 316 ლარს მიიღებენ. არასაშტატო ნუსხით დასაქმებულ 6 თანამშრომელზე კი 17 458 ლარი გაიცემა. თითოეული თანამშრომელი ჯილდოს სახით ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ს მიიღებს.
ცნობისთვის, სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა. თამარ ზოდელავას ხელფასი თვეში 10 585 ლარია, მისი მოადგილის – 8 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 300 ლარი.
სააგენტო ახალი სსიპ-ია, რომელიც წელს, NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და მთავრობას ექვემდებარება. სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

























