გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ბიორგ სანდკერს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის:
- საჯარო მმართველობის;
- ციფრული ტრანსფორმაციისა;
- გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით.
უწყება წერს, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ივნისში თბილისში გამართულ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლობით ჩატარდა.
აღინიშნა, რომ ფორუმის წარმატებით მასპინძლობა პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და საერთაშორისო დონეზე საქართველოს საჯარო მმართველობისა და სერვისების განვითარების გამოცდილების წარმოჩენის შესაძლებლობა შექმნა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს აქტიური მონაწილეობა გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირებასა და ციფრული მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მზაობა, ქვეყნის გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა უფრო აქტიურად იქნეს გამოყენებული საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, სხვა ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.
თამარ ზოდელავამ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა დასახელებული მიმართულებებით.
გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესია 5-7 აგვისტოს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა.




























