სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, გუშინ კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
"რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყენებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.