მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო პოლიტიკა სადღეგრძელოების დონეზე რჩება" - ჭიაბერაშვილი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაზე ნაკლები ფინანსური რესურსი მიემართება პრევენციისკენ, რაც ადამიანების გაღარიბებას და მაღალსიკვდილიანობასაც იწვევს. როგორც „საქმიან დილაში“ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ამ კუთხით სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ აქცენტი პირველადი ჯანდაცვის რგოლზე კეთდებოდეს.

"მოქალაქეების დიდი ნაწილი თავისი ჯანმრთელობის პრობლემის გადავადებას აკეთებს და როცა უკვე მიდის ექიმთან, მდგომარეობა იმდენად დამძიმებულია, რომ ჯანმრთელობის ან სიცოცხლის შენარჩუნება ძნელდება. ამ სფეროში სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა არის მაშინ, როდესაც ძირითადად აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს ძვირად ღირებული ოპერაცია, რომ პრევენციაზე გავაკეთოთ აქცენტი, ანუ მე სადაც 100 ლარი დამჭირდება, იქ დამეხმაროს, და საქმე გაუარესებამდე არ მივიდეს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ყოფილა საუბარი, თუმცა, ეს ყველაფერი „სადღეგრძელოების დონეზე რჩება ხოლმე“.

„სახელმწიფოს როლი რა არის? ისაა, რომ შექმნას მოტივაცია იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. როდესაც ექიმთან კონსულტაცია დღეს 80-100 ლარი ჯდება, რამდენ ადამიანს აქვს საშუალება რომ კონსულტაციაში ეს ფული გადაიხადოს. როდესაც ადამიანი ექიმთან მიდის, ძვირად ღირებული კვლევებია საჭირო იმისათვის, რომ დიაგნოზი დაისვას. სახელმწიფო ამბობს, რომ აფინანსებს ძვირად ღირებულ ოპერაციას, გასაგებია, მაგრამ მანამდე რატომ არ ვეხმარებით ადამიანებს ისე, რომ ოპერაციამდე არ მივიდეს საქმე. უზარმაზარი სოციალური პრობლემაა მედიკამენტები, რაც მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი წყაროა. სახელმწიფოს შეუძლია ნაკლები დანახარჯით დიდი ეფექტი მიიღოს და ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს მოქალაქეებს და სიღარიბისგან დაიცვას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"საქართველოსთვის ყველაზე უპრიანი არის ე.წ. კუბის მოდელი" - გიორგი კავკასიძე ჯანდაცვის პოლიტიკაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები