მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოსთვის ყველაზე უპრიანი არის ე.წ. კუბის მოდელი" - გიორგი კავკასიძე ჯანდაცვის პოლიტიკაზე

გიორგი კავკასიძე

„ლაბუნო სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, მედიცინის დოქტორის, გიორგი კავკასიძის მოსაზრებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის უპრიანი იქნებოდა ე.წ. კუბის მოდელის დანერგვა.

როგორც მან გადაცემა “წერტილში” განაცხადა, ე.წ. კუბის მოდელი პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებას გულისხმობს, რაც სახელმწიფოს მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს დაუზოგავს.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სტრატეგია არის ხელმისაწვდომობა, რაც გარანტირებულად ხარისხიანს არ ნიშნავს. ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე უპრიანი არის ე.წ. კუბის მოდელი. კუბა არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ მან გააკეთა ის, რომ პირველი რგოლი - პროფილაქტიკა და პრევენცია - გახადა ძალიან ძლიერი. შედეგად, პროფილაქტიკა და პრევენცია გაცილებით იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე მკურნალობა. მთელი ყურადღება ამისკენ იყო მიმართული. დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაც ზუსტად ესაა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ე.წ. კუბის მოდელს მიმართონ“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ და დასძინა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებაზე საუბარი საქართველოშიც იყო რამდენიმეჯერ, თუმცა ამ კუთხით საჭირო ნაბიჯები არ გადადგმულა.

„რეალურად სახელმწიფომ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს. 100 საავადმყოფო კი არა, 100 ამბულატორია რომ გაეხსნათ, უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან დღეს საქართველოში აღმოჩნდა, რომ სამჯერ მეტი ექიმი გვყავს, ვიდრე გვჭირდება, 2-3-ჯერ ნაკლები ექთანი, ვიდრე საჭიროა, ხოლო საწოლფონდი საჭიროზე 2-3-ჯერ მეტი. უამრავი სახსრებია ტყუილად დახარჯული“, - აღნიშნა გიორგი კავკასიძემ.

„ლაბუნო სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯანდაცვის პოლიტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთიანი სტრატეგია უნდა არსებობდეს, რომელიც ყველა ახალი მთავრობის პირობებში არ უნდა იცვლებოდეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა პარადიგმაში ვართ. პოლიტიკის განმსაზღვრელი, დამფინანსებელი, შემმოწმებელი ერთი ორგანიზაციაა [ჯანდაცვის უწყება]. ანუ ინტერესთა კონფლიქტია, როგორ შეიძლება მან ობიექტურად შეაფასოს. დასავლეთში, განსაკუთრებით ამერიკაში არიან დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ, აფასებენ და აკეთებენ ანალიზს. როგორც წესი, ისინი სხვადასხვა შემოწირულობით და ფონდებით ფინანსდებიან. სხვადასხვა რგოლზე სხვადასხვა დამკვირვებელია“, - აღნიშნა გიორგი კავკასიძემ და დასძინა, რომ ამ კუთხით ეფექტიანობის მისაღწევად, საქართველოში „ვერტიკალი უნდა დაიშალოს დამოუკიდებელ ერთეულებად“.

„ბევრ ქვეყანაში სადაზღვევო ფონდი დამოუკიდებელი ერთეულია, არ ემორჩილება სამინისტროს. გაცილებით უფრო იოლია მისთვის რაღაცების გაკეთება და ამაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა, იმიტომ რომ დამოუკიდებელია. როდესაც სამინისტრო არის სადაზღვევო ფონდის გამგებელი, იქ პოლიტიკური მოტივები აუცილებლად იქნება.

შვეიცარიული მოდელი იქნებოდა ოპტიმალური, სადაც სამინისტროს როლი ჯანდაცვის პოლიტიკაში არის მინიმალური. იქ მაგალითად, „გაიდლაინებს“ ადგენენ პროფესიული ასოციაციები, სადაც საკითხი იციან. ეს პანდემიის დროს კარგად გამოჩნდა.

ასევე, შვეიცარიაში სახელმწიფო დაზღვევა არ არსებობს და მხოლოდ კერძო სადაზღვევო სისტემაა. თუ შენ ხარ უმუშევარი ან არ გაქვს შემოსავალი, სოციალურ დახმარებას იღებ ვაუჩერის სახით და მიგაქვს სადაზღვევო კომპანიაში. ანუ ჯანმრთელობის ორსართულიანი დაზღვევაა, ერთი - რომელიც ყველასთვის აუცილებელია და მეორე - დაშენებული, მაგალითად სტომატოლოგია, ტრანსპლანტაცია“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები