მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ავადმყოფზე ორიენტირებული არ არის“ - გიორგი კავკასიძე

გიორგი კავკასიძე

მედიცინის დოქტორის, „ლაბუნო სამედიცინო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კავკასიძის შეფასებით, საქართველოში საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა არ შეცვლილა.

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ავადმყოფზე ორიენტირებული არ არის“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების შეფასებისას.

გიორგი კავკასიძე ემიგრაციაში 1990-იან წლებში წავიდა და ბოლო 18 წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ძირითადად, მედიცინის მარკეტინგის მიმართულებით. კერძოდ, წლების განმავლობაში ბიოტექნოლოგიურ კომპანია Serono-ში სტრატეგიული სამედიცინო მარკეტინგის უფროსი იყო. 2019 წელს კი, ოჯახური მდგომარეობის გამო, საქართველოში დაბრუნდა.

- საქართველოში საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა არ შეცვლილა. საფუძვლები რაც ჰქონდა, საბჭოთა ჯანდაცვის სისტემას, ისევ ისე დარჩა - ბიუროკრატიით დაწყებული, ადამიანისადმი დამოკიდებულებით დამთავრებული. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ავადმყოფზე არაა ორიენტირებული.

- მაშინ ვისზეა ორიენტირებული?

- ყველაფერზე, გარდა პაციენტისა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ საბჭოთა მენტალობა დარჩა და არა მხოლოდ - ჯანდაცვაში, და პირველი მიზეზი, ალბათ ეს არის. მეორე საკითხია ის, რომ ჩემი აზრით, შეცდომა იყო, როცა ქართული ჯანდაცვის სექტორი სრულად კერძო სექტორის ხელში გადავიდა და ყველა მოგებაზეა ორიენტირებული; ჩვენთან ერთი კლინიკაც კი არაა, რომელიც მფლობელების მოგებაზე არაა ორიენტირებული (Not-for-profit), მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში კერძო კლინიკების მინიმუმ 40% არის Not-for-profit.

- თავის დროზე საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ხომ თავისი მიზეზი ჰქონდა, რომ კერძო სექტორი უკეთ შეძლებდა მართვას, ინვესტიციების მოზიდვას, რაც ხარისხიანი სამედიცინო სერვისებისთვის აუცილებელია და ა.შ...

- ისინიც < Not-for-profit კლინიკებიც> კერძოა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ Not-for-profit სამედიცინო დაწესებულებები მოგებას აბრუნებენ ისევ სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ არის, რომ კვლევებსაც აკეთებენ... საქართველოში კი, პრაქტიკულად არ კეთდება კვლევები. ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთეული სტატიებია გამოქვეყნებული საქართველოდან სამედიცინო პერიოდიკებში, რადგან მეცნიერება ხარჯიანია, ძვირიანი სიამოვნებაა და იგივე კლინიკა თუ მრავალპროფილური ჰოსპიტალი ორიენტირებულია მხოლოდ მოგებაზე, ოღონდ ეს მოგება იმ წუთშივე მიაქვთ მფლობელებს... შეიძლება, რაღაცა ინვესტიცია განახორციელონ კლინიკაშიც - განაახლონ ინფრასტრუქტურა და ა შ. მაგრამ თანხებს ხარისხის კონტროლსა და კვლევებში ნაკლებად ხარჯავენ.

- თქვენი შეფასებით, საქართველოში კლინიკების მფლობელებს არ ესმით, რომ ჯანდაცის ბიზნესი სტანდარტული ბიზნესი არაა?

- დიახ, ასეც არის. არადა, ძალიან მარტივად ჩანს ეს ყველაფერი; არც კლინიკები და არც ფარმაცევტული ბიზნესი არაა ჩვეულებრივი ბიზნესი - ელექტრონიკის მაღაზიაში რეცეპტით არ მივდივართ, მაგრამ აფთიაქში რეცეპეტია მთავარი. სამედიცინო ბიზნესში ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, ვიდრე მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში, ამიტომ, ჩემი აზრით, რაღაც სტანდარტები უნდა არსებობდეს, მაგრამ აუცილებლად გონივრული და არა - სადამსჯელო, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოში ვხედავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები