მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო პროპაგანდას აგებდა სასამართლოში, ამიტომ დაკეტა სასამართლო მედიისთვის - ადვოკატი

ირაკლი ჩომახაშვილი

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სასამართლოში აგებდა თავისივე პროპაგანდას და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც სასამართლო სხდომების გაშუქება მკვეთრად შეიზღუდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც რამდენიმე დღის წინ ძალაში შესული შეზღუდვები შეაფასა.

იურისტი ირაკლი ჩომახაშვილი „სინდისის პატიმრების“ - გიორგი ტერიშვილის და საბა სხვიტარიძის უფლებადამცველია და ასევე, პოლიტიკოს ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებსაც იცავს.

“სხდომის ოქმი კი არა, ვიდეოსაც გამოვითხოვთ და ხალხი მაინც გაიგებს რა მოხდება. [...] ასეთ რამეს არ უნდა ვამბობდე სასამართლო დარბაზში, მაგრამ 2007 წელსაც ასე მოიქცნენ, გირგვლიანის საქმეზე და არც იმათ დაუმთავრდათ კარგად და არც ამათ არ ჰქონდეთ განცდა, რომ ვიღაცას კარგად დაუმთავრდება ეს ყველაფერი. ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი უკუქმედება“, - ამ სიტყვებით მიმართა ირაკლი ჩომახაშვილმა ორი დღის წინ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს და „წერტილთან“ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ „პარალელების გავლება მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიას განმეორებადობა ახასიათებს და თუ წარსულის შეცდომებზე არ ვისწავლით და არ გამოვასწორებთ, მოჯადოებულ წრეში ვიტრიალებთ“.

„წინა ხელისუფლების პირობებში, ზუსტად მაშინ დაიკეტა სასამართლო სხდომები, როდესაც სახელმწიფოს არ სურდა, ხალხს გაეგო, რა ხდებოდა სასამართლოებში. ახლაც იგივე განცდა გვიჩნდება, რომ სასამართლო არაა მოწოდების სიმაღლეზე. ბრალდების მხარე ცდილობს, ცრუ მოწმეებით დაამტკიცოს უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეობა და ამიტომაც გადაწყვიტეს, შეეზღუდათ საზოგადოებისთვის სხდომების ხელმისაწვდომობა, რომელსაც მედიასაშუალებები ძალიან პროფესიონალურად უზრუნველყოფდნენ.

ამ თვეების განმავლობაში, არაერთი ჩანაწერი გავრცელდა სასამართლო სხდომებიდან, რომელიც სასამართლოს რეპუტაციის მიმართ ნეგატიურ შეხედულებებს აყალიბებდა ანუ როდესაც სახელმწიფოდან წამოსული პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, რომ „სინდისის პატიმრები“ არიან კრიმინალები, მოძალადეები, სცემდნენ პოლიციელებს და ა.შ. და მეორე მხრივ, ვუსმენდით მოწმეებს, რომლებიც ამ ადამიანებს საერთოდ არ იცნობდნენ და ზოგიერთი ბრალდების მხარესთან მესიჯობდა, ზოგიერთმა საერთოდ ვერ შეძლო იმ პირის ამოცნობა, რომელზედაც [ცრუ ჩვენებას აძლევდა], ბუნებრივია, ეს ყველაფერი ამცირებდა სასამართლოს რეპუტაციას, რაც ჩემთვის, ზოგადად, სამწუხაროა; ასეთი სიტუაცია ასევე ამცირებს ბრალდების მხარის რეპუტაციას და საზოგადოებას ნდობა არ აქვს სასამართლოს მიმართ - მოქალაქეები ხედავდნენ, რომ ციხეში სხედან ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართ ბრალდების მხარეს უკვე 7 თვეა მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ მაინც ციხეში ჰყავთ. ეს ყველაფერი ტრაგიზმთან ერთად კომედიად იქცა და ხალხში უფრო მეტ პროტესტს იწვევდა. მსგავს სიტუაციებში ადამიანები მინიმუმ დაფიქრდებიან - დღეს თუ ესენი არიან ციხეში, ხვალ სხვები იქნებიან, რადგან არ არსებობს ისტორიაში მაგალითი, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს შემზღუდავი კანონები შეემცირებინოს - პირიქით ხდება.

ამდენად, სახელმწიფო აგებდა „სინდისის პატიმრების“ მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შექმნის მოცემულობას და გადაწყვიტა, სასამართლო ჩაეკეტა. ასე მაშინ იქცევი, როცა გსურს, არავინ ნახოს სასამართლო სხდომები, რადგან რაღაცას აფუჭებ ან აგებ“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში იურისტმა ვრცლად ისაუბრა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ქვეყნის იმიჯზე, მათ შორის, საინვესტიციო კლიმატზე.

„თუ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არაა, ეს აზიანებს, როგორც ერთ მოქალაქეს, ისე დიდ კორპორაციას, რომელსაც სურს ინვესტირება გააკეთოს საქართველოში ან გააფართოოს თავისი ბიზნესი, ამიტომ თუ ასეთი მოცემულობა დიდხანს გაგრძელდა, ინვესტორები დაიწყებენ სხვა ქვეყნების ძიებას, სადაც მათი ინვესტიციები უფრო დაცული იქნება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები