ქვეყნის ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების, მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების, ასევე ოქროს საცავის და სხვა შენობების დაცვა, 2026 წელს 6 მლნ ლარი დაუჯდება. ქონების ეროვნული სააგენტო შესაბამისი მომსახურების შესყიდვას გამარტივებულად აპირებს.
შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები მათში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთებით და ასევე, სააგენტოს სავაჭრო ობიექტების, ოქროს საცავის, ადმინისტრაციული და სხვა შენობების (მ.შ. საწყობები) დაცვის მომსახურება (საგანგაშო სიგნალიზაციით და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ცოცხალი ძალის მეშვეობით).
შესყიდვის ღირებულება 6 040 058 ლარია, ხოლო პერიოდი - 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების საჭიროებას ქონების ეროვნული სააგენტო შემდეგნაირად განმარტავს:
“შესყიდვის საჭიროება განპირობებულია გამომდინარე იქიდან, რომ არ განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების (მათში განთავსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთებით) დაზიანება, ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
ამასთან, როგორც სააგენტოს ადმინისტრაციულ და სხვა შენობებში (მ.შ. საწყობებში), მის სავაჭრო ობიექტებში და ოქროს საცავში ინახება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადმოცემული სხვადასხვა სახის ქონება (მ.შ. ძვირფასი ლითონები და ა.შ.). შენობებში განთავსებულია სხვადასხვა სახის მაღალტექნოლოგიური და ძვირად ღირებული აპარატურა-დანადგარი და სხვა ქონება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, სააგენტოს ადმინისტრაციულ და სხვა შენობებში დაცვა განხორციელდეს საგანგაშო სიგნალიზაციით და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ცოცხალი ძალის მეშვეობით”.
დაცვის ობიექტთა ჩამონათვალში სახელმწიფო და სააგენტოს ბალანსზე რიცხული 52 ობიექტი შედის. მათ შორისაა როგორც სააგენტოს ადმინისტრაციული შენობები, ასევე წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები, მათ შორის: “შახტიორი”, “მედეა”, “სავანე”, “მეგობრობა”, “აია” და სხვა.
შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება ქონების ეროვნულ სააგენტოს 3 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული.




























