მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასტუმრო "ბორჯომი - ლიკანი" ₾11-მილიონიან ზარალზეა

ბორჯომი-ლიკანი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო კვლავ მრავალმილიონიან ზარალზე ოპერირებს. კომპანიის ზარალი 2024 წელს ერთი მილიონი ლარით, 10.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ანგარიშის თანახმად, 2024 წელს სასტუმროს შემოსავალი 1.1 მილიონი ლარით, 15.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა შემოსავლების მატება ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ კომპანიამ ზარალი განიცადა. კომპანიის უმსხვილესი ხარჯები ასე ნაწილდებოდა - ხელფასები 4.2 მილიონი ლარი; მარაგები - 2.4 მილიონი ლარი; ცვეთა - 1.4 მილიონი ლარი; სხვა საოპერაციო ხარჯები 3.3 მილიონი ლარი. ამასთან, სასტუმროს 11.3 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები ჰქონდა.

სასტუმროს ვალდებულებები 43.2 მილიონი ლარს, აქტივები კი 52.1 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროს წლების განმავლობაში ზარალით ოპერირებისგან 87.7 მილიონი ლარის დაგროვილი ზარალი აქვს.

სასტუმრო 151 ნომრისგან შედგება, 2024 წელს გაიზარდა მისი საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი და ის 56%-ს შეადგენდა (ზრდა 2%); სასტუმრო სულ 64,356 სტუმარს მოემსახურა; საშუალო ამონაგები ერთ სტუმარზე ღამეზე 257 ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 12 ლარით იყო გაზრდილი.

სეგმენტების მიხედვით, ნომრებიდან "ბორჯომი-ლიკანის" შემოსავალი 8 მილიონი ლარი იყო; საკვებისა და სასმლის რეალიზაციიდან 6 მილიონი ლარი; სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურებიდან - 1.3 მილიონი ლარი; სხვა შემოსავლები კი 143 ათასი ლარი იყო.

2020 წელს "ბორჯომი-ლიკანის" მფლობელი "საპარტნიორო ფონდი" (ამჟამად "საქართველოს განვითარების ფონდი") სასტუმროს აუქციონის გზით გაყიდვას გეგმავდა. პირველად აუქციონი 37 მილიონი დოლარის ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა, მას მყიდველი არც განმეორებით აუქციონზე არ გამოუჩნდა, რომელზეც სასტუმრო 30 მილიონ დოლარად იყიდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები