PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მნიშვნელოვანი საკითხია.
ალექსიშვილის თქმითვე, სახელმწიფო საწარმოებმა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება შეუქმნან საფრთხე ქვეყნის ეკონომიკას და ამიტომ მიიჩნევს ფონდი მათ რეფორმას ერთ-ერთ საკვანძო საკითხად.
"სახელმწიფო საწარმოების საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექნებათ თუ არა ვალების დაგროვების პოტენციური პრობლემა. ბევრი ქვეყანა ვიცით მათ შორის, იქ სადაც ჩინეთმა ინვესტიციები განახორციელა და ძალიან მსხვილი საწარმოების დაკრედიტება მოხდა, მერე ეს კრედიტები სუვერენულ ვალში გადაიზარდა. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა და ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. ერთია რომ სახელმწიფო საწარმო ეფექტიანი იყოს, სწორად მუშაობდეს, ოპერაციული მმართველობის სწორი მოდელი ჰქონდეს რომ წაგებიანი არ იყოს, მოგებაზე იყოს ორიენტირებული და კონკურენციის პირობებს ქმნიდეს. თუმცა, მეორე საკითხია არ იყოს პოტენციურად პრობლემების წარმოშობის წყარო და არ დააგროვოს ვალები", - ამბობს ალექსიშვილი "ანალიტიკაში".