მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაცია არასახარბიელო ფინანსურ პროცესებს უკავშირდება - მაისურაძე

დავით მაისურაძე

ანალიტიკოს დავით მაისურაძის შეფასებით, მთავრობის მიერ სახელმწიფო საწარმოებში წელს დაწყებული ოპტიმიზაცია სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე არასახარბიელო ვითარებას უკავშირდება.

მაისურაძემ BMG-სთან ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა.

მისივე თქმით, სახელმწიფო კომპანიებში ხარჯების ოპტიმიზაცია საბოლოოდ ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასაც ნიშნავს.

„ზოგადად, ცალკე აღებული თანხების ოპტიმიზაცია ცუდი მოვლენა არაა, თუმცა გააჩნია კონტექსტს, თუ როდის ხდება ეს. ამ შემთხვევაში კი კონტექსტი შემდეგია - თუ ვთვლით, რომ [ეკონომიკური] ზრდის ტემპი შენელებულია, ქვეყანას უწევს აქცენტის გაკეთება თუ როგორ განვითარდეს, სამომავლოდ სად შეიძლება მოვიძიოთ დამატებითი ფინანსები. ზოგადად, სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდაციებს გვაძლევდა, რომელსაც მთავრობა ან არ ითვალისწინებდა ან მინიმალურად ითვალისწინებდა.

ახლა კი ოპტიმიზაცია ხდება იმ დროს, როდესაც ქვეყანას დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა და დაზოგვა სჭირდება. ამ შემთხვევაში ოპტიმიზაცია უნდა გავიგოთ როგორც ბიუჯეტის ხარჯების შემცირება, რადგან როგორც წესი, არაერთი სახელმწიფო საწარმო ბიუჯეტის დოტაციაზეა. ამიტომ, როდესაც ამ კომპანიებში თანხები იზოგება, ეს ზოგადად ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასაც ნიშნავს. ამ კონტექსტში, თუ წელს სახელმწიფო საწარმოებში რაიმე ტიპის ცვლილება შევიდა ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად უნდა დავუკავშიროთ ქვეყანაში მიმდინარე არასახარბიელო ფინანსურ პროცესებს“, - განაცხადა დავით მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები