"ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 700 მლნ ლარი ისევ სახელმწიფო საწარმოებში ჩაბრუნდება.
მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესში ძირითადად, ორი მიმართულება გამოიკვეთა - ენერგეტიკული საწარმოები და საქართველოს რკინიგზა.
„ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახდა „ელექტროსისტემასა“ და „საქრუსენერგოში“, ამ საწარმოებში ყველაზე მეტი თანხა დაიზოგა წლიურ ჭრილში. ჩვენ საკადრო გადაადგილებების, ცვლილებების და ოპტიმიზაციის შედეგად, ოპტიმიზაციაში იგულისხმება როგორც საკადრო, ისე ზოგადი ხარჯების ოპტიმიზაცია, ყველა სახელმწიფო საწარმოში ერთად, წლის ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ-იან ეკონომიას. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია, ეს თანხა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების, ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის, გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, bm.ge-მ სახელმწიფო საწარმოებში კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცალ-ცალკეც საწარმოებიდანაც გამოითხოვა და შემდეგ (2025 წლის 21 ივლისს) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდანაც, რომელმაც თავის მხრივ, ინფორმაციის გაცემა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, თუმცა პასუხები, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. bm.ge-ის კითხვები ეხება "საქართველოს რკინიგზაში" განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგებს, კერძოდ, სულ რამდენი მილიონი ლარია დაზოგილი წლიურად, ძირითადად ვის/რის ხარჯზე და რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს. ასევე, რა შედეგით დასრულდა ოპტიმიზაცია ენერგეტიკულ საწარმოებში. გარდა ამისა, Bm.ge-ის აინტერესებს, ამ ეტაპზე რომელ კომპანიებში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი დაწყებული ან/და სად იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის, 3 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა. კერძოდ, მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზაში 36 მილიონი ლარი დაიზოგება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარი. ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ოპტიმიზაციის შედეგად წლიურმა ეკონომიამ შეიძლება 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. 5 ივნისს იგივე გაიმეორა ლევან ჟორჟოლიანმაც და ასევე დასძინა, რომ ოპტიმიზაციის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა.




























