მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ამ დრომდე დაუსრულებელია, კორპორაციული მართვის კოდექსი არ ამოქმედებულა - ევროკომისია

ევროკავშირი

საქართველოში სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კვლავ დაუსრულებელია, ხოლო მათი მართვის პროცესში პოლიტიკური ჩარევა და სამეთვალყურეო საბჭოების დაკომპლექტების ფორმალიზებული წესების არარსებობა კორპორაციული მართვის დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმს ასუსტებს. ამის შესახებ ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გარკვეული ნაბიჯებისა, სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის კოდექსი ამ დრომდე არ ამოქმედებულა, ხოლო სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობა შედარებით შეზღუდულია და ძირითადად სტრატეგიულ სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტსა და კომუნალურ მომსახურებაშია კონცენტრირებული. სახელმწიფო საწარმოებზე ქვეყნის დამატებული ღირებულების 4% და დასაქმების 8% მოდის.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოების დანიშვნა, ასევე სამი სახელმწიფო საწარმოს მართვაში ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ერთობლივი საკუთრების მოდელის საპილოტე დანერგვა. ევროკომისიის შეფასებით, გაუმჯობესდა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის, პოლიტიკის განმსაზღვრელისა და მარეგულირებლის ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნის პროცესიც.

თუმცა, ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება. კერძოდ, საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოების წევრების შერჩევისა და გათავისუფლების ფორმალიზებული პროცედურების არარსებობა პოლიტიკური გავლენის რისკებს ზრდის.

„გარკვეული ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კვლავ დაუსრულებელია, თუმცა ფინანსური ზედამხედველობა გაუმჯობესებას განაგრძობს. ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობა შეზღუდულია და ძირითადად ისეთ სტრატეგიულ სექტორებშია კონცენტრირებული, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება. სახელმწიფო საწარმოებზე საქართველოს დამატებული ღირებულების 4% და დასაქმების 8% მოდის.

ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოები დანიშნა, საპილოტე რეჟიმში დანერგა სამი სახელმწიფო საწარმოს ერთობლივი საკუთრების მოდელი ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მონაწილეობით და გააუმჯობესა სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის, პოლიტიკის განმსაზღვრელისა და მარეგულირებლის როლების გამიჯვნა. თუმცა, სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის კოდექსი კვლავ არ არის დანერგილი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტი შეჩერებულია. პოლიტიკური ჩარევა და საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოების შერჩევისა და გათავისუფლების ფორმალიზებული პროცესების არარსებობა სახელმწიფო საწარმოების მართვის ორგანოების პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრის“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

ამასთან, ევროკომისია მიუთითებს სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე. ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ 176 სახელმწიფო საწარმოს ანგარიშები ერთიან სახაზინო ანგარიშზე გადაიტანა, რაც ლიკვიდობის მართვის გაძლიერებას ემსახურება.

გაუმჯობესებულია ინფორმაციის გამჭვირვალობაც. კერძოდ, სახელმწიფო საწარმოების შესახებ კვარტალური ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებში აისახება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან და გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა მშპ-ის 0.21% შეადგინა. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, 2024 წელს საჯარო უწყებების მიერ გაცემული დახმარების ჯამური მოცულობა მშპ-ის მხოლოდ 0.01% იყო. თუმცა, ევროკომისიის შეფასებით, სახელმწიფო დახმარების შესახებ ანგარიშგების მეთოდოლოგია ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკაში განხორციელებულ ცვლილებებს. 2025 წლის სექტემბერში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის უნივერსალური პროგრამა შეცვალა, რომლის ფარგლებშიც აქცენტი მცირე და საშუალო საწარმოებზე და მწვანე დანახარჯების დასაფინანსებელ სესხებზე გაძლიერდა.

გარდა ამისა, 2026 წლის აპრილში „აწარმოე საქართველოსა“ და საქართველოს განვითარების ფონდის გაერთიანებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია ჩამოყალიბდა. ახალი ინსტიტუტის მიზანი უფრო მსხვილ განვითარების ორგანიზაციად ჩამოყალიბება, ინვესტიციების მხარდაჭერა და კაპიტალში ინვესტიციების მოზიდვაა.

ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიის მოქმედების ვადა 2025 წლის ბოლოს ამოიწურა, ხოლო ახალი სტრატეგია ანგარიშის მომზადების დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები