"ვიწყებთ პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა" - მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მთავრობის სხდომამდე გაკეთებული ამ განცხადებით "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმირების პროცესი გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას წაახალისებს.
„სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თუ ვეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება. ენერგეტიკის სფეროში მაგალითად ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ეს პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა 2021 წელს დაიწყო. მმართველობითი მოდელის ცვლილება საპილოტე რეჟიმში "სახელმწიფო ელექტროსისტემაში' განხორციელდა. 2022 წელს მართვის კორპორაციული სტანდარტების დანერგვა კიდევ სამ სახელმწიფო საწარმოში დაანონსდა, ესენია: საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და აეროპორტების გაერთიანება, რის შემდეგაც კომპანიები მოგებიანები უნდა გამხდარიყვნენ. მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა.
2023 წლის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საკმაოდ რთული პროცესია და ვიდრე ეს კომპანიები საფონდო ბირჟაზე განთავსდებიან, მნიშვნელოვანი რეფორმის ჩატარებაა საჭირო.
სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესს იმ დროისთვის დადებითად აფასებდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც.
2024 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობას სათავეში ირაკლი კობახიძე ჩაუდგა და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაშიც სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების გაგრძელება პრიორიტეტული მიმართულება იყო: „გაგრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მმართველობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობა“.
სახელმწიფო საწარმოები ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) შეჩერებული პროგრამის კონტექსტში უსვამდა ხაზს. როგორც BMG-ს საქართველოში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა უთხრა, სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ფონდთან შეთანხმებული პრინციპები.
IMF-ის მისიამ, 2024 წლის მარტში სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა საქართველოს 3 მთავარ გამოწვევას შორის.
„პრიორიტეტად რჩება სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, რაც მათგან მომდინარე ფისკალურ რისკებს შეზღუდავს და გაზრდის სახელმწიფო საწარმოთა ეფექტურობას“ - ნათქვამია მისიის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდული მიმოხილვის შემაჯამებელ ანგარიშში.




























