ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა საკმაოდ რთული პროცესია და ვიდრე ეს კომპანიები საფონდო ბირჟაზე განთავსდებიან, მნიშვნელოვანი რეფორმის ჩატარებაა საჭირო. ასე უპასუხა მინისტრმა BMG-ს შესაბამის კითხვას.
საქმე ის არის, რომ 2023-2028 წლების წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის თანახმად, მთავრობა სახელმწიფო კომპანიების აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს. BMG დაინტერესდა ვადებით და კომპანიებით, რომელთა აქციები შეიძლება დაილისტოს, თუმცა ლაშა ხუციშვილმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და აქცენტი უფრო იმაზე გააკეთა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მარტივი არაა და კომპანიების აქციების ბირჟაზე გატანა კი არის ბოლო ეტაპი ანუ როცა კორპორატიზაცია დასრულდება.
“კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ სახელმწიფო საწარმოებში. საბოლოო მიზანი არის ის, რომ მათი გატანა მოხდეს [საფონდო ბირჟაზე] და კაპიტალის ბაზარში კონტრიბუცია შეიტანონ. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს დამატებით დაფინანსების მოძიებას ახალი და მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად. მაგალითად, დღეს ე.წ შავი ზღვის კაბელი ვახსენეთ, მსგავსი ტიპის პროექტებს თამამად შეგვიძლია ისტრიული ვუწოდოთ. ბუნებრივია, მათ შესაბამისი რესურსი სჭირდებათ. ერთი მხრივ, ეს იქნება სახელმწიფო საწარმო, მეორე მხრივ, ის ფისკალური წესრიგი, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს.
გვაქვს სახელმწიფო საწარმოები, მაგალითად, რკინიგზა და გაზისა და ნავთობის კომპანია, რომელთაც რესურსი აქვთ, რომ რეფორმა სწრაფად განახორციელონ. ეს მარტივი რეფორმა არ არის, ეს გრძელვადიანი პროცესია და ყველა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო საწარმოების რეფორმა განხორციელდა რთული იყო. როდესაც ვსაუბრობთ საფონდო ბირჟაზე გატანაზე ე.წ დალისტვაზე, ეს საბოლოო ეტაპია, მანამდე უნდა გაიარონ კორპორატიზაციისა და ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გამოსწორების ეტაპები”, - აცხადებს ხუციშვილი.
ცნობისთვის: 2023-2028 წლების წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაიზარდოს სახელმწიფო საწარმოების ჩართულობა ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე. გეგმაშია მოხდეს იმ სახელმწიფო საწარმოების იდენტიფიცირება, რომლებიც მზად არიან და სჭირდებათ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების მეშვეობით სახსრების მოზიდვა.
ამასთან, მთავრობის მიერ მომზადებულ სტრატეგიაში წერია, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის პროცესი, განხილული იქნება კონკრეტული ფინანსური ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც ასევე საცალო ინვესტორებისათვის იქნება შეთავაზებული. კერძოდ, საინვესტიციო ფონდის სახით პორტფელის შექმნა, რომელიც რამდენიმე საწარმოს აქციებს მოაქცევს ერთიან პორტფელში და ამგვარად იქნება შეთავაზებული საფონდო ბირჟაზე.
ამჟამად, სახელმწიფო საკუთრებაშია 346 საწარმო, რომლებიდანაც 2020 წელს, 22-ს გააჩნდა 20 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა. სტრატეგიის ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საწარმოების ფასიანი ქაღალდების ემისიების გზით კაპიტალის ბაზარზე ჩართულობის აშკარა პოტენციალი არსებობს, რომლის რეალიზება არ ხდება.