საქართველოს პრემიერობის კანდიდატის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიხედვით, სახელმწიფო სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისთვის პროცესში მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ჩართავს.
დოკუმენტში ბიზნესის საქმიანობის ხელშესაწყობად აქცენტი 8 ძირითადი საკითხზეა გამახვილებული.
„სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობას, სახელმწიფო ამ პროცესში ჩართავს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს,კერძოდ:
- უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა.
- გაგრძელდება ბიზნესთან ინტენსიური კომუნიკაცია და ახალი რეგულაციების მიღება მოხდება მათთან კონსულტაციით.
- გაფართოვდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის დანერგვა.
- შენარჩუნდება ხელსაყრელი საგადასახადო გარემო და გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვა.
- საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის მოდულების მეშვეობით. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუდმივი კოორდინაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლა;
- ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ასევე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია საბაჟო მიმართულებით რიგი პროექტების (მათ შორის, „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ (SAD) კონვენციებთან მიერთება, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემისა“ (NCTS) და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის იმპლემენტაცია) წარმატებით დანერგვა, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე პირთათვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებას, ევროკავშირთან და სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან ერთიანი სატრანზიტო პროცედურებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის დანერგვას, საბაჟო ორგანოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
- გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონის დაჩქარებას, მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების წარმატების მაგალითი.
- ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის (BBB-/Baa3) მიღწევას“, - წერია სამთავრობო პროგრამაში.
ამასთან ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ პროგრამაში სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და იმ ნაბიჯებზეა გამახვილებული ყურადღება, რომლებმაც სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო უნდა გააუმჯობესოს. დოკუმენტში წერია:
- დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი.
- კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით, გაგრძელდება აქტიური დიალოგი ბიზნესთან. გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.
- საქართველო შეინარჩუნებს ხელსაყრელ საგადასახადო სისტემას − შენარჩუნდება დაბალი საგადასახადო წნეხი, დაინერგება ინოვაციური მიდგომები, მათ შორის:
o საგადასახადო დეკლარირების ავტომატური სისტემა.
o გაგრძელდება დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება, რის ფარგლებშიც მის ავტომატურ რეჟიმში ჩართვიდან (2020-2023 წლები) ბიზნესს ჯამურად დაუბრუნდა 7.5 მილიარდ ლარზე მეტი.
o გაგრძელდება საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
- აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია. აღნიშნულს ხელს შეუწყობს, ასევე, მიწის სისტემური რეგისტრაციაც. ამასთან, მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული, მოქნილი და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, მოხდება ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია და დიგიტალიზაცია, შედეგად გამარტივდება სახელმწიფო ქონების განკარგვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და გაიზრდება სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესის ეფექტიანობა. მეტად მოქნილად და სრულყოფილად განხორციელდება პოტენციური ინვესტორებისათვის საინვესტიციო პაკეტების მომზადება/შეთავაზება. ასევე, გაგრძელდება და გაფართოვდება პროგრამები, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს („100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“) და ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას საქართველოში.
- ბუნებრივი რესურსების სარგებლობის პროცესის ეფექტიანი მართვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წიაღით სარგებლობის პროცესში ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებას. წიაღის სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების მიზნით გაგრძელდება მუშაობა წიაღის კოდექსის შემუშავებაზე
- 2024 წელს გაგრძელდება მუშაობა ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის რაციონალური გამოყენებისა და მისი ეკონომიკურ საქმიანობაში ეფექტიანად ჩართვის მიმართულებით. შენარჩუნდება წიაღითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის მზარდი ტენდენცია, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ბიუჯეტში გენერირებული შემოსავლების მოცულობის გაზრდას.
- გაგრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მმართველობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობა.
- გაგრძელდება კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.
o 2024 წელს განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმის ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოძრავი ქონებით დაკრედიტებას.
o ამასთან, 2024 წელს განხორციელდება ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას, მათ შორის მოკლევადიანი სამუშაო კაპიტალის დაკმაყოფილების საჭიროებისათვის შეიქმნება ფაქტორინგის სამართლებრივი ჩარჩო.
- 2024 წელს გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას. გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დადგენილი სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
- განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას:
o ბონდების გამოშვების თანადაფინანსება - 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.
o საინვესტიციო ფონდების განვითარება - მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს მუშაობას კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 2-3 ფონდის მხარდაჭერა, რომელთა ჯამური მოცულობა 70 მილიონ ლარამდე იქნება.
o აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა - 2024 წელს დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რომელიც საშუალება მისცემს კომპანიებს გამოიყენონ საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსის მოსაზიდად.
- ჩამოყალიბდება უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ჩარჩო და ტრასტის აღიარებისათვის საჭირო მომწესრიგებელი რეგულაციები.
- საპენსიო რეფორმის ფარგლებში დაიხვეწება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა და შემუშავდება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემებისთვის ახალი რეგულაციები. ასევე გაგრძელდება სადაზღვევო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება დაზღვევის პროდუქტების, მათ შორის სავალდებულო პროდუქტების განვითარებით.
- დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად, გაფართოვდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA), მათ შორის RIA SME Test-ის ინსტრუმენტის გამოყენება და 2024 წელს გაგრძელდება აქტივობები RIA-ს სისტემის ინსტიტუციონალიზაციის განმტკიცების მიზნით. აღნიშნული განაპირობებს ეკონომიკაზე თითოეული გადაწყვეტილების გავლენის წინასწარ გაანალიზებას, შესაძლო ნეგატიური შედეგების პრევენციას და საუკეთესო პოლიტიკის შერჩევას.
- გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც, მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოებისა და სისტემების განვითარებაში.
o ხელი მოეწერა და მიმდინარე წელს ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
o თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე გაიხსნება მოლაპარაკებები სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან.
o ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არეალის შემდგომი გაფართოება და ამ მიზნით გაგრძელდება კონსულტაციები ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე; პრიორიტეტული იქნება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით მუშაობა.
- ევროკავშირთან საკანონმდებლო შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც, ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება როგორც სტანდარტების, ტექნიკური რეგულაციების, მეტროლოგიის, ბაზარზე ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული რეფორმებისა და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის მეშვეობით, ასევე, ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ეკონომიკური ოპერატორების ადაპტაციის ხელშეწყობა დაახლოებული კანონმდებლობის განსახორციელებლად.
- ქვეყნის ახალი სტატუსიდან გამომდინარე გააქტიურდება მუშაობა DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, რისთვისაც ევროკომისიასთან ერთად შემუშავდება ორმხრივი სამოქმედო გეგმა და დაიწყება მისი განხორციელება. ამასთან, საქართველო გააძლიერებს ეროვნულ ინსტიტუციურ ჩარჩოს თითოეულ შესაბამის სფეროში მიღებული ახალი კანონმდებლობის განხორციელების, აღსრულებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
- აქტიურად გაგრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების მხარდაჭერა სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენების გზით. ექსპორტის მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპანიების ორი მიმართულებით ხელშეწყობას: კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით:
o მოხდება კომპანიებისათვის კომპლექსური მხარდაჭერის პაკეტის შეთავაზება, რომელიც სხვა მექანიზმებთან ერთად მოიცავს: ტრენინგებს, ტექნიკური დახმარების გრანტებს, საერთაშორისო ღონისძიებების თანადაფინანსებას და უცხოურ შემსყიდველებთან კავშირების გაუმჯობესების პროგრამას.
o 2024 წლის განმავლობაში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 100-ზე მეტ ქართულ კომპანია მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბის საექსპორტო ღონისძიებებში. ასევე გადამზადდება 40-ზე ექსპორტის მენეჯერი, 20 ქართულ კომპანიას კი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაუფინანსებს ახალ საექსპორტო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
o ამასთან, მოხდება კომპანიებისათვის სექტორული და ქვე-სექტორული მიმართულებით მათზე მორგებული, მხარდამჭერი მექანიზმების შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს, პროგრამაში ჩართული კომპანიების ეტაპობრივ განვითარებას პროდუქციისა და სერვისის ექსპორტის განხორციელების კუთხით.
- გაძლიერდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის პლატფორმა. საქართველოს მთავრობა ფოკუსირებული იქნება ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც შექმნის ქვეყანაში ახალი ეკონომიკური მიმართულებების განვითარების საფუძველს, ხელს შეუწყობს ცოდნის ტრანსფერს და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნას. ამ მიმართულებით:
o 2024 წელს დასრულდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ახალი ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს და აქტივობებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
o გააქტიურდება და გაფართოვდება პროგრამა, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი კომპანიების ჩართულობას საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
o გაგრძელდება აქტივობები, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში საინვესტიციო კონსულტანტების და სკაუტების მასპინძლობას. ასევე, ექსპერტებთან და სექტორში გავლენიან პირებთან თანამშრომლობის ინიციატივები, რომ მოხდეს საერთაშორისო დონეზე საქართველოს საინვესტიციო შეთავაზების მიმართ ნდობის გაზრდა.
- დამატებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, იგეგმება პარტნიორ ქვეყნებთან (კანადა, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა) ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი შეთანხმებების გაფორმება.
- ასევე, დაგეგმილია „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავება.
- გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის:
o სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების ხელშესაწყობად, გაგრძელდება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს დაფინანსდება 40 სტარტაპი 150 000-ლარიანი გრანტით.
o ასევე, რეგიონებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 40-მდე სტარტაპი 25 000-ლარიანი გრანტით.
o 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 30 ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი გაივლის ინტენსიურ სამთვიან აქსელერაციის კურსს, რომელიც დაეხმარება მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებადი პროდუქტის გატანაში, გაუწევს სტარტაპებს მენტორინგს და გაუზიარებს რელევანტურ ცოდნას.
- გაფართოვდება ტექნოპარკების ქსელი საქართველოში და აქტიურად გაგრძელდება ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშეწმყობი პროექტების განხორციელება.
o გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით. ამისთვის, დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციური სერვისების მიწოდებასა და ადგილობრივ მოსახლეობაში ტექნოლოგიური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.
o არსებულ ტექნოპარკებში კი აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ტექნოლოგიებთან შეუზღუდავ წვდომას და მათი ტექნოლოგიური და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას.
o 2024 წელს, საქართველოს ყველა ტექნოპარკის ბაზაზე ჩატარდება სულ მცირე 300 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს არანაკლებ 4 500 ბენეფიციარი. o ასევე გაგრძელდება პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას ინოვაციური ბიზნესიდეების დახვეწასა და რეგიონული საგრანტო პროგრამისთვის მომზადებაში.
- ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მეშვეობით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ტრანსფერის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა ისეთი სამეცნიერო პროექტების შესარჩევად, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური მზაობა და კომერციალიზაციის პოტენციალი. სამეცნიერო პროექტების კონკურსის წარმატებულ განმცხადებლებთან 2024 წელს დაიწყება ინტენსიური მუშაობა შერჩეული პროექტების საერთაშორისო კომერციალიზაციის მიმართულებით.
- ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სივრცით განვითარებას. 2024 წლის განმავლობაში, 10-ზე მეტ ტერიტორიულ ერთეულში დაიწყება სივრცითი და ურბანული განვითარების გეგმების შემუშავება და ასევე, გაგრძელდება მუშაობა 2023 წელს დაწყებულ განვითარების გეგმებზე.
პრემიერობის კანდიდატის მიერ წარდგენილ პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის, დასაქმების ზრდისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, რა მიმართულებითაც შემდგომი ღონისძიებები განხორციელდება:
- მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შემდგომი ხელშეწყობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გაგრძელდება „ევროპის მცირე ბიზნესის აქტის“ უმთავრეს პრინციპებზე დაფუძნებით შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, რიგით მეორე, „2021-2025 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ და შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება.
- მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაგრძელდება და გაფართოვდება სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის:
o გაგრძელდება მხარდაჭერა საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება.
o სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, რის შედეგადაც მოხდება 500 მილიონ ლარამდე სესხის და 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება.
o მიკრო და მცირეო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის კუთხით, 2024 წელს დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება, რომელიც მიკროსესხების მხარდაჭერას ეხება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს მიკრო ბიზნესებისთვის 50 000 ლარამდე სესხების ხელშეწყობას, რათა მათ საკუთარი წარმოების გაფართოება/განვითარება შეძლონ. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 500-მდე მეწარმის მხარდაჭერა.
- ცოდნის, კომპეტენციების და ინფორმაციის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, 2023 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელის განვითარება. პირველი ცენტრი უკვე გაიხსნა ზუგდიდში და სამეგრელო-ზემო სვანეთის მეწარმეებს ემსახურება. 2024 წელს კიდევ ხუთ რეგიონში იგეგმება საკონსულტაციო ცენტრების გახსნა. საკონსულტაციო ცენტრის კონცეფცია ბრიტანულ Growth Hub-ის მოდელს ეფუძნება და მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ როგორც პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამა პარლამენტს კონსტიტუციის გათვალისწინებულ ვადებში, პოლიტიკური პარტიის მიერ მისი პრემიერობის კანდიდატად წარდგენიდან მეორე დღეს 2 თებერვალს წარუდგინა. კობახიძის თქმით, მისი მთავრობის 4-წლიანი სამთავრობო პროგრამა, რომელიც ძირითადი იქნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამართულ არჩევნებში მოგების შემდეგ წარედგინება, თუმცა 2 თებერვალს წარდგენილი სამთავრობო პროგრამის "პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ ღონისძიებების ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში... თუმცა ასევე საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით შემდეგი სამთავრობო ფაზისთვის“.