მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო საწარმოებში თანხები, შტატების ხარჯზე შემცირდება - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკა

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესში თანხები, შტატების შემცირების ხარჯზე შემცირდება - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებისას ოპტიმიზაციის პროცესს შეეხებოდა.

„დიახ, თანხები შტატების შემცირების ხარჯზე შემცირდება და იქნება გარკვეული ეკონომიები, რომლებიც სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა სახელმწიფოს საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში დავიწყეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის მიხედვით, ხელისუფლებას ეს სტრატეგია ფრთხილად, დროში გამოცდით უნდა განეხორციელებინა და მიღებული ცოდნით კანონმდებლობა უნდა დაეხვეწა.

„სახელმწიფოს გააჩნია სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შემუშავდა და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ელემენტებს, თუმცა ჩვენ ფრთხილად მივუდექით ამ საქმეს და ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, რომ სტრატეგიის დროში გამოცდა უნდა მომხდარიყო. სტრატეგიის განხორციელების პროცესში ჩვენ გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომელიც გარკვეულ კორექტირებებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც შეიძლება სრულფასოვნად აისახოს კანონმდებლობაში. შემდეგი ნაბიჯი კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ჩვენ გამოვცადეთ. ეს გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდას, მეტ გამჭვირვალობას, მეტ პროფესიონალიზმს და საბოლოოდ მეტ ეფექტიანობას და ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას, ხელმძღვანელობის მხრიდან მკაფიო ანგარიშვალდებულებას და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არ არის საუბარი რიგით შპს-ებზე, რომლებშიც სახელმწიფო მონაწილეობს. აქ საუბარია მსხვილ კორპორაციებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამა თუ იმ დარგის კონკურენტუნარიანობაზე, დარგის მდგრადობის თვალსაზრისით ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც დღეს "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციამ წელს 52,5 მილიონი ლარის ეკონომია მოუტანა ქვეყანას და ეს პროცესი გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები