მერია ახლად რეაბილიტირებული ავლაბრის მეტროს გასახსნელად ემზადება - დედაქალაქის მთავრობის მენეჯმენტს ამ ეტაპამდე მისასვლელად 7 წელი და საპროექტო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანიის მინიმუმ 3-ჯერ შეცვლა დასჭირდა. საპროექტო დოკუმენტაცია ტენდერის საფუძველზე მზადდებოდა, თუმცა ხან პროექტი ხდებოდა შესაცვლელი, ხან უბრალოდ შერჩეული კომპანია ვერ სრულდებოდა სამუშაოებს. მსგავსი პრობლემები არაერთ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტთან მიმართებით არსებობს.
გაუმართავი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას კერძო სექტორში სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ ხარვეზებს უკავშირებენ. "ბაზალტ ფაიბერსის" დირექტორი თვლის, რომ კომპანიების შერჩევა დაბალი ფასის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს და ყურადღება პირველ რიგში გამოცდილებას უნდა მიექცეს.
“კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს, როგორც საპროექტო კომპანიების მხრივ, ასევე ამოცანის დამსახველი ორგანიზაციების მხრივაც. პრობლემებია მშენებლების კუთხითაც. ეს პრობლემა კომპლექსურია იმ მხრივ რომ საჯარო შესყიდვები ზოგადად ხელს არ უწყობს ხარისხის ზრდას, ის ორიენტირებულია ფასზე, რაც აბსურდია, იმიტომ რომ როდესაც ინტელექტუალური სამუშაოს შეფასების ძირითადი კრიტერიუმი იყოს ფასი. როგორც ჩვენ არ ვარჩევთ ექიმთან ვიზიტს ფასის მიხედვით, დაახლოებით ასე უნდა იყოს. ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს გამოცდილება.
შედეგი დგება ის, რომ როგორც არის ამოცანა დასმული, იმ ფასის პირობებში რაც არის განსაზღვრული, ხდება იმის მინიმუმის გაკეთება რაც მოეთხოვება პროექტანტს. შემდეგ აღმოჩნდება, რომ გარემო არ იყო საკმარისად გამოკვლეული, არ ყოფილა გეოლოგია საკმარისად გაკეთებული, გეოდეზია აცდენილი არის რეალობას და ა.შ. შემდეგ მშენებელი აწყდება ამ პრობლემებს და ცდილობს, რაც შეიძლება იაფად გადაწყვიტოს ეს პრობლემა, შედეგად ვიღებთ იაფად და უხარისხოდ გადაწყვეტილ პრობლემებს, რომელიც გაცილებით ძვირი ჯდება. “- ამბობს ბაზალტ ფაიბერსის დირექტორი ივერ ქუცნაშვილი.
პროექტირებისა და მშენებლობის პრობლემებზე, გუშინ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა კახა კალაძემაც.