მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო სისტემების დაჩი ბერიზაცია მიმდინარეობს" - გოცირიძე სებ-ის საბჭოს კანდიდატებზე

რომან გოცირიძე

"ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენით, ყველამ ნათლად დაინახა, რომ სახელმწიფო სისტემების დაჩი ბერიზაცია მიმდინარეობს", - ასე აფასებს რომან გოცირიძე ოთხი კანდიდატის წარდგენას, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ეროვნული ბანკის საბჭოში უნდა დანიშნოს. ის მიიჩნევს, რომ ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მორჩილების ნიშნით შეირჩნენ.

"სამი წარმომადგენელი არის ეროვნული ბანკის მოქმედი ჩინოვნიკი, რომლებიც სებ-ის ხელმძღვანელობის დავალებას ასრულებდნენ. ქვეშევრდომები იყვნენ, როგორც ჩანს, გამოცდილები ხელისუფლებისგან წამოსული მითითებების შესრულებაში. ისინი დღესაც კი ადმინისტრაციულ ზედამხედველებს ვერანაირ განსხვავებულ აზრს სთავაზობენ და ვერც გაუბედავენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი წამოიყვანეს, რომელიც პენსიას გაუშვეს. ეს არის ძალიან მაღალ ხელფასიანი თანამდებობა, სადაც წელიწადში ერთხელაც შეგიძლია არ მიხვიდე და ხელფასი ავტომატურად ჩაგერიცხება", - განაცხადა რომან გოცირიძემ BMG-სთან.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს აღნიშნული პირებით დაკომპლექტება, რისკებს ქმნის.

"ეს ძალიან საშიშია ქვეყნისთვის, უზარმაზარ რისკებს ქმნის. რა თქმა უნდა, საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდება და ეს პირველ რიგში, ეხება მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, მილიარდობით ფულს დავკარგავთ მომავალში. იზოლაციის პროცესში ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე არა ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე, ფინანსებზე მძიმე გავლენას იქონიებს. ოთხი კანდიდატის წარდგენით, უკვე ყველამ, სავალუტო ფონდმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რომ მიმდინარეობს სახელმწიფო სისტემების დაჩი ბერიზაცია. დაჩი ბერაია პარლამენტში ოდიოზური დეპუტატი იყო და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ასეთი მორჩილი, დაბალკვალიფიციური კადრებით ეროვნული ბანკის დაკომპლექტება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო ამძიმებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეროვნული ბანკის საბჭოს მომავალი წევრები "ქართულმა ოცნებამ უკვე შეარჩია". ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე - ოთხი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს უკვე წარუდგინა. მას შემდეგ, რაც "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი საბჭოს წევრებს დაამტკიცებს, ეროვნულ ბანკში ვაკანტური არც ერთი თანამდებობა აღარ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები