მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე მეორედ ფასდაკლებით ყიდის

სახელმწიფო ქონება

ტაბახმელაში, კვინიტაძის ქუჩაზე სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მეორე ჯერზე დაკლებული ფასით 10 256 250 ლარად ყიდის.

ქონების ეროვნული სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე ობიექტი პირველად 11 აპრილს გამოიტანა და მისი საწყისი ღირებულება 13 675 000 ლარი იყო, თუმცა პირველ ჯერზე აუქციონი ჩაიშალა. დღეს კი სააგენტომ მეორე აუქციონი გამოაცხადა. მსურველებს სახელმწიფო ქონების შეძენა პირველ აგვისტომდე შეეძლებათ. ქონება 84 926 ათას კვ.მ.-ის ფართობისაა.

გამოცხადებულ აუქციონს თან ერთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წერილი, სადაც განმარტებულია, რომ მითითებულ ტერიტორიის ნაწილზე საცხოვრებელი ზონა 1 დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა ვრცელდება, რომელიც მხოლოდ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არასასოფლო-სამეურნეო ან/და საკარმიდამო გამოყენების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს მოიცავს. ამავე გენგეგმით ნაწილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობაა დაშვებული, რომელიც მოიცავს ბაღს, ბულვარს, სკვერს, გაზონს და მასზე დაუშვებელია მშენებლობები, განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, საპარკო სკამის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის, კიბეების, საფეხმავლო გზების ან/და ბილიკების გარდა. წერილში აღნიშნულია: „ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, სააგენტოს შესაძლებლად მიაჩნია მითითებული მიწის ნაკვეთის განკარგვა, საცხოვრებელი ზონა 1 ფარგლებში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები