მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო უნდა ჩაერთოს - არ გინდა? დააბრუნე სანატორიუმი" - როგორ გავყიდოთ აქტივები წყალტუბოში?

წყალტუბო

ბიზნესმენი დავით კაკაბაძე, რომელიც წყალტუბოში ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, ორ აბაზანას, რესტორნებს და სხვა აქტივებს ფლობს, აცხადებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზაციისთვის მნიშვნელოვანია, უკვე გაყიდული სანატორიუმების მფლობელებმა საინვესტიციო ვალდებულებები დროულად შეასრულონ.

დავით კაკაბაძე ადგილობრივი ბიზნესმენია და მიაჩნია, რომ გაჭიანურებული საინვესტიციო პროექტები, ჯამში, „წყალტუბოს აიაფებენ“ და სხვა სანატორიუმების პრივატიზაციასაც აფერხებენ.

„პოტენციურმა ინვესტორმა უნდა დაინახოს სხვა ინვესტორის მოქმედება; წყალტუბოს აკლია გაყიდული სანატორიუმების მშენებლობის ეტაპზე გადასვლა და ახალი სასტუმროების ამოქმედება. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მესამედ ვხვდებით BMGTV-ზე და როგორც მაშინ 4-5 სასტუმროს ინფრასტრუქტურით იყო წყალტუბო წარმოდგენილი, დღესაც ასეა. შარშან ერთადერთი სიახლე კურორტზე ის იყო, რომ ჩვენი Park Resort Tskaltubo გაფართოვდა - 30 ახალი ნომერი დავამატეთ.

შარშან და შარშანწინ გაყიდულ სანატორიუმებთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს - გასაგებია, რომ საპრივატიზაციო ვალდებულებებშიც გაწერილია 2-3-წლიანი პერიოდი, მაგრამ წყალტუბოში არის სანატორიუმები, რომლებიც წლების წინ გაიყიდა, ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებიც არაერთხელ გაუხანგრძლივეს, მაგრამ მაინც არაფერი ხდება. მე ამ ნაწილში ვხედავ უფრო საგანგაშო სიგნალს, რადგან სწორედ ის ინვესტორები და ასეთი საინვესტიციო პროექტები აიაფებენ წყალტუბოს, მეც მიფუჭებენ საქმეს და პოტენციურ ინვესტორსაც უკარგავენ სურვილს, აქ აქტივი შეიძინოს. ვფიქრობ, ამ პროცესში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს - არ გინდა? დააბრუნე. როგორც ეს მოხდა სანატორიუმ „მეშახტეს“ შემთხვევაში, რომელიც სახელმწიფომ უკან დაიბრუნა, რადგან ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.

სხვის საინვესტიციო ვალდებულებებზე არ მინდა ბევრი ვისაუბრო; ჩვენი ბიზნესჯგუფის მაგალითზე გეტყვით, რომ რა საინვესტიციო ვალდებულებებიც ავიღეთ, შევასრულეთ. არ აგვიღია სამი პროექტი, რადგან ვიცოდით, რომ ჯერ ერთი უნდა დავამთავროთ. ამიტომ მგონია, რომ თუ ინვესტორი პასუხისმგებლიანია, ვალდებულება უნდა შეასრულოს“, - განაცხადა დავით კაკაბაძემ.

გარდა ამისა, ბიზნესმენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ურჩევს, წყალტუბოში სანატორიუმების აქტიური პრივატიზაციისთვის, პირველ რიგში, უშუალოდ კურორტის ცნობადობის გაზრდაზე იმუშაონ.

"წყალტუბოს პიარი არ მიდის, რომ მერე ქონებაზე გაჩნდეს მოთხოვნა... მე რომ სახელმწიფოს წარმოვადგენდე, წყალტუბოს დონის კურორტისთვის გამოვყოფდი ცალკე გუნდს, რომელიც იმუშავებდა ინვესტორების მოსაზიდად. ძალიან ბევრ საინტერესო საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და უნდა არსებობდეს კურორტების განვითარების გეგმა, მაკეტების დონეზე და შეიძლება, ამ გზით გავაჩინოთ ინტერესი და უფრო აქტიურად გაიყიდოს სანატორიუმები“, - აღნიშნა დავით კაკაბაძემ.

შარშან წყალტუბოში 3 სანატორიუმი გასხვისდა - ვინ, რამდენად და რა საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები