მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირება მნიშვნელოვნად არ იცვლება" - "უმაღლესი განათლების კანონში" ცვლილებების განხილვა დაიწყო

ზვიად გაბისონია

საქართველოს პარლამენტში "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ინიციირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა, თუმცა ჯერჯერობით ვებგვერდზე არ ატვირთულა. დაჩქარებული წესით განსახილველი და მისაღები ცვლილებები დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარადგინა და განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით ფაკულტეტებზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი დაინეტრესდა - რამდენი სტუდენტი შეძლებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის უფასოდ დაწყებას პირველ წელს, რაზედაც განათლების მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები სტუდენტების ზუსტი რაოდენობის შესახებ კონკრეტული პასუხის გაცემაზე უარი თქვა და განმარტა, რომ ეს რაოდენობები ეკონომიკის სამინისტროს ანალიზზეა დამოკიდებული.

"ქართული ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა კვოტირების სისტემა მიმდინარე ეტაპზე არსებითად არ შეცვლილა. მისი თქმით, მთავარი ცვლილება არსებული კვოტების გადანაწილებას შეეხება, რაც შრომის ბაზრის გამოწვევების დაძლევისკენ იქნება მიმართული.

ზვიად გაბისონიამ განცხადება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან სამინისტროების ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ არ ველით მკვეთრ ცვლილებას კვოტირებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ჩვენ რასაც ველით, არის გადანაწილების ცვლილება, ანუ ეგრეთ წოდებული პოპულარული პროფესიების გადანაცვლება უნდა მოხდეს მოთხოვნად პროფესიებთან მიმართებით… ამიტომ, ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ველით, თუმცა კვოტირების ნაწილში და იგივე რაოდენობის ნაწილში მკვეთრ ცვლილებებს ამ ეტაპისთვის არ ვგეგმავთ", - განაცხადა გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, განათლების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს შრომის ბაზრის საჭირო პროფესიების იდენტიფიცირება და მათი კონვერტაცია საგანმანათლებლო პროგრამებში.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ზვიად გაბისონიას ჰკითხა, დაახლოებით რამდენი სტუდენტი მიიღება უმაღლეს სასწავლებლებში წლიურად სახელმწიფო კვოტირების ფარგლებში, რაზედაც გაბისონიამ თქვა, რომ ამაზე საუბარს განგებ არიდებს თავს.

„სპეციალურად ვარიდებთ თავს ამ ციფრისგან, იმიტომ, რომ დამოკიდებულია ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს თუ არა ჩვენთან ერთად ამ კვოტირებას... მათი ჯამური ოდენობა იქნება სწორედ იმ რაოდენობა კვოტირების ნაწილი, რასაც გამოაცხადებს სახელმწიფო უნივერსიტეტები“, – განაცხადა მან.

მან ასევე დააზუსტა, რომ ზოგადად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო) განაცხადებს ყოველწლიურად დაახლოებით 37-დან 41 ათას სტუდენტამდე აკეთებს.

გაბისონიას თქმით, ამჟამად პოპულარულ პროფესიებზე (მაგალითად, იურიდიულ და ეკონომიკის ფაკულტეტებზე), ცოტა მეტი რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ირიცხება, თუმცა სხვა სპეციალობებზე კერძო უნივერსიტეტების წილი უფრო დიდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები