მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელი 72,7%-მდე შემცირდა - ფინანსთა მინისტრი

დოლარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2023 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის დოლარიზაციის მაჩვენებელი 72.7%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ, 2024-2027 წლებისათვის ვალის მართვის სტრატეგია განაახლა, რომელიც მოსაწონებლად საქართველოს მთავრობს წარედგინება.

„მიუხედავად რაოდენობრივად ვალის კომფორტული დონისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ვალის სავალუტო კომპოზიცია. პანდემიის პერიოდში ვალის, დაახლოებით, 20 პროცენტულ პუნქტიან ზრდაში ერთი მესამედი ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. რომ არა დოლარიზაციის ისტორიულად ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ვალი არ გასცდებოდა ფისკალური წესით განსაზღვრულ ლიმიტს. სწორედ ამიტომ, როგორც წინა, ისე განახლებული სტრატეგიის მთავარს ამოცანას წარმოადგენს სავალუტო რისკების შემცირება. ამ მიმართულებით ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი პორტფელის დივერსიფიკაცია და შიდა ვალის წილის ზრდაა, რომელსაც ჩვენ წლიდან წლამდე თანმიმდევრულად მივყვებით. გასულ წელს, სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენ შევინარჩუნეთ ვალი 40%-ის ქვემოთ და 2023 წლის ბოლოსათვის ვალმა მშპ-ს 39,3% შეადგინა. ამავდროულად, დოლარიზაციის მაჩვენებელი 72,7%-მდე შემცირდა, მაშინ როცა წლის დასაწყისში 75%-ს შეადგენდა, ხოლო ისტორიულად 80%-ს აღემატებოდა.

დოლარიზაციის შემცირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ამ პოლიტიკაში ვართ თანმიმდევრული და საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის პორტფელის მოწყვლადობას საგარეო შოკებისადმი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების შედეგად, 2020 წელს მთავრობის ვალმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 59,6%-მდე დაიკლო, თუმცა თავისუფლების აქტით განსაზღვრული მაჩვენებელი საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთანხმებებიდან მომდინარე ვალდებულებების ჩათვლით კვლავ ლიმიტს მიღმა 60,4%-ის დონეზე დარჩა.

„2020 წლის შემდეგ, ჩვენ რეკორდულად მცირე, 2 წელიწადში ვალის დონე დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით შევამცირეთ და უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა, რომელიც ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, 40%-ის დონეზეა.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 40%-იანი დონე შეესაბამება ფისკალური სტაბილურობის მიზნებს, ჩვენ აღარ გვჭირდება მტკივნეული ცვლილებები ვალის სტაბილიზაციისთვის“, - განაცხადა მინისტრმა და განმარტა, რომ ამ პოლიტიკას არამხოლოდ რისკების შემცირების მოტივი აქვს, არამედ მნიშვნელოვანია, ვალის ხარჯიანობის კუთხითაც.

„მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ვალის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორებისგან აღებული შეღავათიანი პირობების სესხებია, დღეს მსოფლიოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, სავალუტო კურსის რისკების გათვალისწინებით, ჯამში, შესაძლოა ითქვას, რომ ეს სესხები არ არის უფრო ნაკლებხარჯიანი, ვიდრე ლარში საბაზრო პირობებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები.

აღნიშნული პოლიტიკა, გარდა ვალის პორტფელის დივერსიფიკაციისა და გაჯანსაღებისა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის.

საშუალოვადიან პერიოდში, ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, ადგილობრივი ობლიგაციების საერთაშორისო ინდექსებში მოხვედრა, რაც საინვესტიციო რეიტინგთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდის არარეზიდენტი ინვესტორებისათვის ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობას“, - აცხადებს მინისტრი და იმედოვნებს, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში ასევე ძალიან დიდი წვლილის შეტანა სახელმწიფო საწარმოებს შეუძლიათ - „ჩვენ ველით პოზიტიურ ძვრებს ამ მიმართულებით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები